მარკეტინგი

GTA 6-ის გამოსვლამდე 2 დღე დარჩა, რას გვასწავლის ,,Rockstar Games” -ის რეპუტაციული PR?

13 წლიანი ლოდინი, ორი გადადება და 1 მილიარდ დოლარზე მეტი წინასწარი გაყიდვები. როგორ აქცია დეველოპერმა დუმილი და ხარისხის სტანდარტი ისტორიულ მარკეტინგულ ტრიუმფად

GTA 6-ის გამოსვლამდე 2 დღე დარჩა, რას გვასწავლის ,,Rockstar Games” -ის რეპუტაციული PR?

2026 წლის 19 ნოემბერს ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა შედგება. Grand Theft Auto VI - GTA 6 ოფიციალურად გამოდის. 13 წლიანი ლოდინის შემდეგ, მილიონობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით შვებულებას იღებს, ინტერნეტ პროვაიდერები ქსელის გამტარუნარიანობას ზრდიან 212 გიგაბაიტიანი ფაილის ჩამოსატვირთად, ხოლო ინდუსტრიის ანალიტიკოსების, მაგალითად ,,Sensor Tower” - ის შეფასებით, წინასწარმა შეკვეთებმა უკვე 1.18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის ეს პროცესი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ვიდეოთამაშის ამბავი. ,,Rockstar Games” - მა შექმნა რეპუტაციული PR - ის სახელმძღვანელო ქეისი, სადაც ბრენდის მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, რომ თარიღის ორჯერ გადადებამაც კი აუდიტორიის ლოიალობა ვერ შეარყია.

რეპუტაციული კაპიტალი, როგორც კრიზისების მთავარი ფარი

თანამედროვე ციფრულ სამყაროში პროდუქტის დაანონსებული თარიღის გადადება ხშირად ბრენდის მიმართ იმედგაცრუებასა და აქციების ვარდნას იწვევს. ,,Rockstar Games” - მა GTA 6 - ის გამოსვლა  თავდაპირველად 2025 წლის შემოდგომიდან 2026 წლის მაისში, ხოლო შემდეგ 19 ნოემბერს გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, კომპანიას რეპუტაციული ზიანი არ მიუღია. პირიქით, მომხმარებელმა ეს ნაბიჯი აღიქვა არა როგორც მენეჯმენტის სისუსტე, არამედ როგორც ხარისხის უკომპრომისო გარანტია. წლების განმავლობაში დაგროვილმა რეპუტაციულმა კაპიტალმა კომპანიას მისცა უფლება ეთქვა: „ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, რომ მოგცეთ ის სტანდარტი, რომელსაც იმსახურებთ“ და აუდიტორიამ ეს დაიჯერა.

„სტრატეგიული დუმილი“ და დეფიციტის ეფექტი

მაშინ, როცა ბრენდების უმეტესობა ცდილობს ყოველდღიური კონტენტით მიიპყროს მომხმარებლის ყურადღება, ,,Rockstar” - მა სრულიად საპირისპირო გზა აირჩია. კომპანია თვეების განმავლობაში ინარჩუნებდა ინფორმაციულ ვაკუუმს.

რეპუტაციულ PR - ში ამას „ავტორიტეტის პოზიციონირება“ ჰქვია. როდესაც ბრენდს არ სჭირდება აუდიტორიის დევნა, რადგან თავად აუდიტორია ეძებს მის შესახებ ნებისმიერ დეტალს. შედეგად, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა ერთმა თრეილერმაც კი 24 საათში 475 მილიონი ნახვა დააგროვა ყოველგვარი აგრესიული სარეკლამო ბიუჯეტის გარეშე.

 

 

გამჭვირვალობა და ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია

მოლოდინის პიკზე, როდესაც ინდუსტრიაში აქტიურად განიხილებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ფარული მონეტიზაცია, ,,Rockstar” - მა მკაფიო რეპუტაციული განაცხადი გააკეთა

• თამაშის შექმნისას არ გამოუყენებიათ გენერაციული AI

• გაშვების მომენტში თამაშში არ იქნება მიკროტრანზაქციები

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ პასუხობს ბრენდი საზოგადოების ფარულ შიშებს მანამ, სანამ ისინი კრიტიკად იქცევა. მომხმარებელმა დაინახა, რომ კომპანია აფასებს ადამიანურ შრომას და პატივს სცემს მოთამაშის გამოცდილებას.

კულტურული ფენომენი და ორგანული PR

დღეს GTA 6 - ს  რეკლამას თავად მომხმარებლები და სხვა ბრენდები უკეთებენ. სოციალურ ქსელებში 5 000% - ით გაიზარდა ძიება ე.წ. „ახალი ზელანდიის ხრიკზე“ (როგორ გადაიყვანონ კონსოლები სხვა დროის სარტყელზე, რომ თამაში რამდენიმე საათით ადრე დაიწყონ).

მეტიც, მოლოდინი იმდენად მასშტაბურია, რომ სხვა ბრენდებმა ის საკუთარი დამსაქმებლის რეპუტაციის  გასაძლიერებლად გამოიყენეს. იმის ნაცვლად, რომ 19 ნოემბერს თანამშრომლების მასობრივი გაცდენების  შეშინებოდათ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ,,Logitech" - მა თავის 7,000-ზე მეტ თანამშრომელს ოფიციალური დამატებითი ანაზღაურებადი თავისუფალი დღე - „Logi Game Day“ აჩუქა. ანალოგიურად მოიქცნენ კანადური ,,Edison Motors" და სხვა კომპანიები, რომლებმაც 19 ნოემბერი ოფიციალურ უქმე დღედ გამოაცხადეს.

ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა ერთი ბრენდის პროდუქტი გლობალური სოციალური და კორპორაციული კალენდრის ნაწილად, ხოლო სხვა კომპანიებს აძლევს საშუალებას, სწორი PR ნაბიჯით თანამშრომელთა ლოიალობა და პოზიტიური მედია გაშუქება მოიპოვონ.

 მთავარი გაკვეთილი ქართული და გლობალური ბიზნესისთვის

,,Rockstar Games” - ის მაგალითი გვაჩვენებს, რომ საუკეთესო PR კამპანია თავად პროდუქტის უპირობო ხარისხია. როდესაც ბრენდი წლების განმავლობაში ასრულებს დანაპირებს, მას უჩნდება რეპუტაციული იმუნიტეტი:

1. მომხმარებელი პატიობს დაგვიანებას

2. ბრენდის დუმილი ხდება უფრო ხმაურიანი, ვიდრე კონკურენტების რეკლამა

3. ნდობა პირდაპირ კონვერტირდება მილიარდიან შემოსავალში, ჯერ კიდევ პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებამდე.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული