რატომ აგებთ კონკურენტებთან? პერსონალური ბრენდინგი, როგორც კარიერული ნახტომის იარაღი
პერსონალური ბრენდის მენტორი ბაჩო კეკუსაძე 3,500-ზე მეტი პროფესიონალის გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს ბაზარზე თავის დამკვიდრების სტრატეგიას

ბოლო წლებში ერთი რამ საკმაოდ თვალშისაცემი გახდა. წარმატებას უმეტესად აღწევენ ის ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს გამოჩენა, ციფრულ სამყაროს აუწყეს ფეხი, დაიწყეს ონლაინ სივრცეში თავის დამკვიდრება, სწორად პოზიციონირება და რაც მთავარია, ძლიერი პერსონალური ბრენდის შენება.
პარადოქსია, მაგრამ თუ დააკვირდები, მარტივად შეამჩნევ, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ბაზარზე ექსპერტების 2 კატეგორია არსებობს.
პირველი, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალია, საკმაოდ დიდი ცოდნით, კომპეტენციითა და გამოცდილებით, მაგრამ მის შესაძლებლობებზე ფართო აუდიტორიამ თითქმის არაფერი იცის. ეს იმიტომ, რომ არ აქვს სწორი პოზიციონირება, იშვიათად საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე და ხშირად ფიქრობს, რომ კარგი სპეციალისტობისთვის საკუთარ მიღწევებზე საუბარი სულაც არაა საჭირო.
მეორე კი არიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ნაკლები ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეთ, მაგრამ იციან, რომ იდეალურ მომენტს არ უნდა დაელოდონ. ისინი იწყებენ იმ შედეგების წარმოჩენას, რაც უკვე აქვთ და არ ელოდებიან, რომ ვიღაც მათ თავისით აღმოაჩენს. ამის ნაცვლად, იწყებენ გამოჩენას, აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მიმდინარე ზრდის ეტაპებს და სწორედ ამ ავთენტურობით ახერხებენ აუდიტორიის ნდობის მოპოვებას. შედეგად კი იღებენ ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს და ბაზარზე იმკვიდრებენ თავს, როგორც სფეროს ექსპერტები.
ადრე რეპუტაცია სხვანაირად შენდებოდა. ვიღაცის ნაცნობი იყავი, ადამიანებს შენთან უშუალო შეხება ჰქონდათ და ხშირად გადაწყვეტილების მიღება რეკომენდაციის ხარჯზე ხდებოდა. დღესაც, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გყავდეს ბრენდ ადვოკატები, რომლებიც შენს პროფესიონალიზმზე სხვებთან ისაუბრებენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი დღეს მხოლოდ რეკომენდაციებს აღარ ეყრდნობიან.
,,სანამ ვიღაც კონკრეტული სერვისის მისაღებად მოგმართავს, ჯერ ონლაინ იწყებს შენს შესახებ ინფორმაციის მოძიებას" - ბაჩო კეკუსაძე
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მაშინ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ დღეს, სანამ ვიღაც კონკრეტული სერვისის მისაღებად მოგმართავს, ჯერ ონლაინ იწყებს შენს შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ათვალიერებს შენს LinkedIn პროფილს, Instagram-ს, კითხულობს შენს მიერ გაზიარებულ კონტენტს, ეცნობა გამოცდილებას და ცდილობს გაიგოს, რამდენად შეუძლია გენდოს და რამდენად შეგიძლია შენ მისი პრობლემის გადაწყვეტა.
ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვთ შენზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე სოციალურ ქსელებში გამოჩენა, სწორად პოზიციონირება და საკუთარი ექსპერტობის ჩვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან შენს პროფილზე გადმოსულ ადამიანებს ის ასოციციაციები და შთაბეჭდილება შეუქმნა შენზე, რაც გინდა, რომ დატოვო მათ გონებაში.
პერსონალური ბრენდინგი ხშირად სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რომ ეს ბევრი გამომწერის ყოლას, მხოლოდ კონტენტის კეთებას, ყოველდღიურად პოსტვას და მუდმივად საკუთარ თავზე ლაპარაკს ნიშნავს. ეს ნამდვილად არ არის ასე. ძლიერი პერსონალური ბრენდის მთავარი ამოცანაა, რომ სწორ ადამიანებს სწორი წარმოდგენა შეუქმნას შენზე. სწორი პოზიციონირებაა, როდესაც:
1. აუდიტორიამ ზუსტად იცის ვინ ხარ და რა ღირებულებას ქმნი
2. ხედავს შენს გამოცდილებას და გენდობა
3. იცის რა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად უნდა მოგმართოს შენ
ამ ნაწილზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ მის სწორად მიტანას მიზნობრივ აუდიტორიამდე.
ბევრს უჩნდება კითხვა, მე რომ მენეჯერი, იურისტი, ფინანსისტი, ფსიქოლოგი, ან თუნდაც ქოუჩი ვარ, მაინც მჭირდება პერსონალურ ბრენდზე მუშაობა?
ამ კითხვაზე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვუპასუხო, დიახ. ბოლო 4 წლის განმავლობაში პერსონალურ ბრენდინგსა და კარიერულ განვითარებაზე 3,500-ზე მეტ პროფესიონალთან მიმუშავია და ხშირად ერთსა და იმავე გამოწვევას ვაწყდები. მათ აქვთ ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენციები, თუმცა მაინც უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმოჩენა, რეალიზება და იმ ადამიანებამდე მიტანა, ვისთვისაც მათი გამოცდილება მართლა ღირებულია.
სწორედ ამიტომ, პერსონალური ბრენდი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ არის, ვინც საკუთარ სერვისს ან მომსახურებას ყიდის. ის ასევე ეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ, დაქირავებულები არიან და საკუთარი სახელით პირდაპირ არაფერს ყიდიან.
მიუხედავად იმისა, ყიდი თუ არა შენს სერვისს, მაინც მნიშვნელოვანია, რომ სწორ ადამიანებს დაანახო შენი ღირებულება, უნარები და კომპეტენციები. ამით შენს ექსპერტობასაც ყიდი. აჩვენებ, რაში ხარ ძლიერი და რა შედეგების დადება შეგიძლია. საბოლოოდ კი, ეს დაგეხმარება კონკურენტებისგან გამორჩევაში, ძლიერი რეპუტაციის შექმნაში, კარგი სამსახურის პოვნაში, დაწინაურებაში, კარიერულ წინსვლასა და ახალი შესაძლებლობების მიღებაში.
გახსოვდეს, ძლიერი რეპუტაცია იქმნება მაშინ, როცა შენი ცოდნა, ღირებულებები, კომპეტენციები, კონტენტი და ყოველდღიური ქმედებები ერთმანეთთანაა თანხვედრაში.
გიზიარებ რამდენიმე სტრატეგიულ რეკომენდაციას, რომელიც ძლიერი პერსონალური ბრენდის შენებაში დაგეხმარება:
1. დაიწყე A წერტილის აუდიტით. სანამ პერსონალური ბრენდის შენებას დაიწყებ, ზუსტად უნდა იცოდე, სად ხარ ახლა. გადახედე შენს გამოცდილებას, ცოდნას, მიღწევებსა და ძლიერ მხარეებს. რისი კეთება გამოგდის ყველაზე კარგად? რა შედეგები გაქვს უკვე? და ბოლოს, ჰკითხე საკუთარ თავს, რასთან მინდა, რომ ჩემი სახელი ასოცირდებოდეს?
2. დაიწყე სწორი პოზიციონირებით. პირველ რიგში, განსაზღვრე ნიშა. ზუსტად უნდა იცოდე, ვინ ხარ, რას აკეთებ, ვის და რაში ეხმარები. რა იქნება ის საბოლოო ღირებულება, რასაც ადამიანები შენთან ურთიერთქმედების შედეგად მიიღებენ?
3. განსაზღვრე მიზნობრივი აუდიტორია. კონტენტი ყველასთვის = კონტენტი არავისთვის. ზუსტად უნდა იცოდე, კონკრეტულად ვის ესაუბრები, რა პრობლემები და გამოწვევები აქვს შენს მიზნობრივ აუდიტორიას, რათა სწორად შეარჩიო კომუნიკაციის სტილი, თემები და მთავარი გზავნილები.
4. ჩამოწერე მინიმუმ 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აგირჩიონ შენ. რატომ უნდა გენდონ? რა პრობლემების გადაჭრა შეგიძლია? რითი ხარ მათთვის სასარგებლო? რა არის შენი უნიკალურობა? რატომ უნდა მოგმართონ შენ და რა შედეგს მიიღებენ შენთან თანამშრომლობისას? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარება ჩამოაყალიბო შენი, როგორც პერსონალური ბრენდის, მთავარი სათქმელი.
5. აჩვენე შენი პიროვნება და არა მხოლოდ ექსპერტობა. აუდიტორიას მოსწონს ავთენტურობა, ამიტომ ასეთ ადამიანებს უფრო ენდობიან, ვიდრე იდეალურად შეფუთულ ექსპერტებს. ასე რომ, მხოლოდ ცოდნისა და მიღწევების ჩვენებით არ შემოიფარგლო. დაანახე აუდიტორიას შენი განვლილი გზა, მიღწევები, დაშვებული შეცდომები და ის გამოცდილება, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა.
6. შექმენი მიზნობრივი კონტენტ-სტრატეგია. კონტენტი მხოლოდ პოსტების რაოდენობის გასაზრდელად და უბრალოდ ნახვებისთვის არ უნდა შექმნა. მისი ძირითადი ნაწილი აუდიტორიის ტკივილებსა და ამ ტკივილების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული. ასევე შეიძლება მოიცავდეს სფეროში არსებულ სიახლეებს, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სთორითელინგს, მიღწეულ შედეგებსა და ქეისებს. ასევე სხვადასხვა აქტივობებსა და მედიაში მიწვევების ჩვენებას. კარგი იქნება ისიც, თუ აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად რეგულარულად გააზიარებ მიღებულ სოციალურ მტკიცებულებებს.
6. იყავი თანმიმდევრული. ყველაზე დიდი შეცდომა და ცუდი სტრატეგია, რამდენიმე კვირით აქტიურად გამოჩენა და შემდეგ საერთოდ გაქრობაა. ადამიანებს დრო სჭირდებათ, რომ გაგიცნონ, გენდონ და შენი სახელი კონკრეტულ სფეროს დაუკავშირონ. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარულად გამოჩნდე და აუდიტორიასთან მუდმივი კომუნიკაცია შეინარჩუნო.
7. ისწავლე გაყიდვის გარეშე გაყიდვა. ნუ აქცევ ყველა პოსტს სარეკლამო ბანერად. პირველ რიგში, აუდიტორიას გაუზიარე ისეთი ღირებული ინფორმაცია, რომელიც მართლა დაეხმარება კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში. როცა ასეთ კონტენტს რეგულარულად გააზიარებ და აუდიტორიას თუნდაც მცირე პრობლემის გადაჭრაში დაეხმარები, შეძლებ, რომ მათი ნდობა ბევრად მარტივად მოიპოვო. საბოლოოდ კი, სწორედ ეს ნდობა დაგეხმარება შენი სერვისის გაყიდვაში, მუდმივად იყიდე, იყიდე-ს ძახილის გარეშე.
8. რეგულარულად იმუშავე საკუთარი პერსონალური ბრენდის განვითარებაზე. ნუ ეცდები სხვა ადამიანის კოპირებას. ძლიერი პერსონალური ბრენდი იქმნება მაშინ, როცა შენი ცოდნა, გამოცდილება, ღირებულებები, კომპეტენციები და პიროვნული თვისებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ამ ყველაფერში ნათლად იკვეთება შენივე უნიკალურობა.
გახსოვდეს, პერსონალური ბრენდი ერთ დღეში არ შენდება, რადგან ეს არაა ერთჯერადი პროექტი. ესაა მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და მუდმივ განვითარებას, საკუთარ თავზე მუშაობას, სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და რეგულარულ, მიზანმიმართულ მოქმედებას მოითხოვს.


