როგორ შევინარჩუნოთ ბრენდის ხმა AI-ს ეპოქაში?
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მარკეტინგს? თემაზე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, მარკეტერი და ლექტორი მათე ივანიაძე გვიზიარებს თავის მოსაზრებას

ხელოვნური ინტელექტი ციფრული მარკეტინგის და ინდუსტრიის ყოველდღიურობად იქცა. ფაქტია, რომ რამდენიმე წამში გენერირებული სტატიები, სოციალური მედიის კონტენტი თუ სარეკლამო ტექსტები ციფრულ მარკეტერებს სამუშაო პროცესებს საგრძნობლად უმარტივებს. თუმცა, AI-ს მასობრივმა გამოყენებამ ბაზარზე ახალი სერიოზული გამოწვევა წარმოშვა, ეს არის ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და მისი უნიკალურობის საკითხი
რამდენად შესაძლებელია ავთენტურობის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ყველა დამკვეთისთვის ტექსტს ერთი ალგორითმი წერს?!
როცა ათობით კომპანია კონტენტის შესაქმნელად თითქმის იდენტურ ალგორითმებს იყენებს, ბრენდები უნიკალურ ხასიათსა და მომხმარებელთან წლობით ნაშენებ ემოციურ კავშირებს კარგავენ. ინდუსტრიის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ დღეს ციფრულ მარკეტინგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა AI-ს სისწრაფის გამოყენებასთან ერთად ბრენდის ავთენტურობის შენარჩუნებაა.
თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბრენდის "ხმა" ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ამ მიმართულებით დარგის სპეციალისტები ოთხ ძირითად და აპრობირებულ მეთოდს გვთავაზობენ
1. სისტემატიზებული "Tone of Voice" - სწორი ინსტრუქტაჟი ხელსაწყოსთვის (Prompting).
AI-სთან მუშაობის ეფექტურობა სწორად ჩამოყალიბებულ მითითებებზეა (Prompts/Custom Instructions) დამოკიდებული. სანამ ინსტრუმენტს ტექსტის დაწერას დავავალებთ, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ბრენდის პერსონა
· საუბრის სტილი/ტონი - არის ის ოფიციალური, მეგობრული, იუმორისტული თუ აკადემიური?
· ლექსიკა - რა საკვანძო სიტყვებს იყენებს ბრენდი თავის კომუნიკაციაში და რა ტერმინებია მისთვის მიუღებელი?
წინასწარ გაწერილი ინსტრუქცია ალგორითმს საშუალებას აძლევს ტექსტი ბრენდის ინდივიდუალურ სტილს და იდენტობას მოარგოს.
2. AI როგორც ასისტენტი და არა ავტორი
ხელოვნური ინტელექტი იდეალური ხელსაწყოა იდეების გენერირების, სტრუქტურის აწყობისა და პირველადი ჩანახატის (ე.წ. „დრაფტების“) მომზადების ეტაპზე. თუმცა, საბოლოო პროდუქტს აუცილებლად სჭირდება ადამიანური რედაქტირება. ციფრული მარკეტერებისა და ექსპერტების რჩევით, გენერირებულ ტექსტს ყოველთვის თან უნდა ახლდეს
· კომპანიის რეალური ქეისები
· შიდა კორპორატიული ისტორიები (Storytelling)
· ლოკალური კონტექსტი და ის ენობრივი ნიუანსები, რომლებიც კონკრეტულ აუდიტორიასთან კომუნიკაციისას გამოიყენება
3. მანქანური კლიშეების ფილტრაცია
AI მოდელებს ახასიათებთ შაბლონური, გადამეტებულად ზოგადი ფრაზების ხშირი გამოყენება (მაგალითად: "დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში" ან "წარმოგიდგენთ ინოვაციურ გადაწყვეტას"). ასეთი ფრაზები მკითხველში უნდობლობას იწვევს და ტექსტის მანქანურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ხარისხიანი კონტენტ მარკეტინგი ეფექტური შედეგების მისაღწევად მსგავსი წინადადებების მაქსიმალურად „ადამიანურ“ ენაზე თარგმნას მოითხოვს.
4. ემოციური ინტელექტი (EQ) - ის, რასაც AI ვერ აკონტროლებს.
ხელოვნური ინტელექტი ოპერირებს მონაცემებით, თუმცა მას არ გააჩნია ემპათიის უნარი, ბრენდის რეპუტაცია და მის მიმართ მომხმარებელთა ლოიალურობა კი სწორედ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე შენდება. AI-ს შეუძლია ფაქტების ორგანიზება, მაგრამ ემოციური კავშირის დამყარება ისევ „ადამიანური მარკეტინგის“ მთავარ უპირატესობად რჩება.
შეჯამება
ხელოვნური ინტელექტი ციფრული მარკეტინგის მომავალს ნამდვილად ცვლის, თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ბაზარზე ყველაზე დეფიციტურ და ძვირფას აქტივად ჯერჯერობით ისევ ავთენტურობა რჩება.
კომპანიები, რომლებიც შეძლებენ AI-ს ტექნიკური შესაძლებლობებისა და ადამიანური ემოციური ინტელექტის (EQ) სწორ სინთეზს, არამხოლოდ შეინარჩუნებენ ბრენდის უნიკალურ "ხმას", არამედ კონკურენტულ უპირატესობასაც მოიპოვებენ.


