ბრენდინგი

ქართველმა ფრილანსერმა Upwork - ზე ერთ პროექტში $ 3 600 გამოიმუშავა

ექსკლუზიური ინტერვიუ Upwork-ის ტოპ 3%-ის წევრთან. როგორ ვაქციოთ პორტფოლიო კლიენტების მაგნიტად, დავძლიოთ საერთაშორისო კონკურენცია და ვმართოთ ციფრული რეპუტაცია საფეხურებრივად

ქართველმა ფრილანსერმა Upwork - ზე ერთ პროექტში $ 3 600 გამოიმუშავა

საერთაშორისო პლატფორმებზე თავის დამკვიდრება და უცხოელ დამკვეთებთან სტაბილური პარტნიორობის მოპოვება ბევრი დამწყები თუ გამოცდილი სპეციალისტის მიზანია. როგორ უნდა ავაწყოთ პროფესიული რეპუტაცია ნულიდან, რა დროა საჭირო სტაბილურობის მისაღწევად და როგორ უნდა ვუპასუხოთ გლობალურ კონკურენციას?

ამ თემებზე Reputation.ge-ს Upwork-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფრილანსერი და მენტორი, გურო დავითლიძე ესაუბრა

  • როგორ უნდა გადადგას დამწყებმა ფრილანსერმა პირველი ნაბიჯები გლობალურ ბაზარზე? კონკრეტულად Upwork-ის მაგალითზე, რა არის საჭირო უცხოელ დამკვეთებთან პირველი წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად?

საწყის ეტაპზე მნიშნელოვანია სწორად გვქონდეს შერჩეული ნიშა და ზუსტად ვიცოდეთ რა პრობლემის გადაჭრას ვგეგმავთ კონკრეტული დამკვეთისთვის. თუ ამ ყველაფერში არ ვართ ჩამოყალიბებული, დავემსგავსებით უგზო-უკვლოდ მოხეტიალეს, რომელმაც არ იცის საით უნდა წავიდეს და, შესაბამისად, გაჭირდება ფრილანს ბაზარზე წარმატების მიღწევაც.

შემდეგი ნაბიჯი პორტფოლიოა

ხშირად ვამბობ, რომ პორტფოლიო ფრილანსერის სარკეა და მის გარეშე წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საერთაშორისო პლატფორმებზე შეიძლება არავინ გთხოვოს რეზიუმე, სამუშაო გამოცდილება ან/და განათლება თუმცა პორტფოლიო კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ნიშის არჩევის შემდეგ პირველ რიგში მის სრულყოფაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი.

დამკვეთებთან პირველი წარმატებული კომუნიკაციის დამყარება იწყება სწორად ოპტიმიზირებული პროფილით, პორტფოლიოთი და სამოტივაციო წერილით, რომელიც ზუსტად ჭრის კლიენტის პრობლემას.

 

გამოცდილი სპეციალისტებისთვის ფრილანსზე გადასვლა შედარებით მარტივია, მაგრამ რას ურჩევდით სრულიად გამოუცდელებს? რა ძირითადი უნარები  უნდა განავითარონ მათ, რომ საერთაშორისო კონკურენციას გაუძლონ?

იმისთვის რომ საერთაშორისო კონკურენციას გაუძლო საჭიროა ძალიან ბევრი უნარი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის უნარია. როდესაც დამწყები ხარ დროის დიდი რესურსი პორტფოლიოს უნდა მოახმარო.

თუ ჯერ არსად გიმუშავია და გამოცდილება არ გაქვს, საჭიროა გამოგონილ პროექტებში ჩადო დიდი რესურსი. ჩემი ბავშვობის მეგობარი მახსენდება ხოლმე გამოუცდელობაზე - ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერია ახლა მაგრამ როგორც ყველამ, მანაც არაფრიდან დაიწყო, Youtube-ში იჯდა დილიდან საღამომდე, პროექტებს იგონებდა, ვებსატიებს აწყობდა და ახლა წარმატებულად ფრილანსერობს Upwork-ზე.

ფრილანსინგი მარტოსული, საკუთარ თავზე მუშაობის პროფესიაა - არავინ და ვერავინ გადაგარჩენს, ვერ გასძახებ თამრიკოს ან დათოს საშველად და ყველაფერს მარტო უნდა მოერიო. თუ ეს უნარები არ გაგაჩნია, დისციპლინა ვერ გამომიშავე და ყველაფერი არ ჩადე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შეუძლებელია წარმატება.

 

 

თქვენი გამოცდილებით, საშუალოდ რა დროა საჭირო სტაბილური რეპუტაციის მოსაპოვებლად, რომელიც უცხოელი დამკვეთების ნდობასა და რეალურ, მზარდ შემოსავალში აისახება?

საშუალოდ 3-6 თვე მაინცაა საჭირო რომ ბაზარს მოერგო და 6-12 თვე ოდნავი სტაბილურობა რომ იგრძნო.

ერთი წლის შემდეგ კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. თუმცა, ამდენი ხანი მოთმენა არავის სურს და ხვალვე უნდა შედეგი, რომელიც არ დგება და თავს ანებებენ ხოლმე.

Upwork-ზე დამკვეთის შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ერთმა ნეგატიურმა უკუკავშირმა წლების განმავლობაში ნაშენები რეპუტაცია დაანგრიოს და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

წლების განმავლობაში ნაგროვებ რეპუტაციას ერთი დამკვეთის ცუდი შეფასება ვერ დაგინგრევს. შეუძლებელია.

ეს ამბავი უფრო მეტად საფრთხილოა მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ. პირველივე შეფასება თუ ცუდია მერე რთულადაა საქმე მაგრამ აქედანაც შეიძლება გამოძრომა. მყოლია სტუდენტი რომელსაც ცუდი შეფასება ეწერა მაგრამ მაინც ავიღეთ ახალი პროექტი და წარსულიც გადავფარეთ.

პირველ პროექტში იმაზე მეტი უნდა ჩადო ვიდრე გთხოვენ. ზედ უნდა გადაყვე. ღამე არ უნდა დაიძინო. რამდენიმე პროექტს როგორც კი კარგი შეფასებით დახურავ ცხოვრება მარტივდება. თუმცა, თუ ოდესმე დადგა დღე, როდესაც ცუდი შეფასება გამოჩნდება შენს პროფილზე არ უნდა გადაყვე. ამ სამყაროში ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი სანამ ცოცხალი ხარ. მთავარია სწორად აარჩიო დამკვეთი, გქონდეს უნარები, იცოდე კომუნიკაცია, შეასრულო საქმე დროულად და მერე ყველაფერი კარგად დასრულდება. ნერვიულობას კარგი არავისთვის მოუტანია არასდროს და თანაც იმაზე ღელვას, რასაც არაფერი ეშველება. Never Stop Swimming!

გლობალურ ბაზარზე, სადაც ათასობით ამერიკელი თუ ინდოელი ფრილანსერი ოპერირებს, კონკურენცია უდიდესია. თქვენს შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, რა გახდა თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რამაც წარმატება მოგიტანათ?

სწორი შეთავაზების გაკეთება. საწყის ეტაპზე შეიძლება ოდნავ დაბალ ფასად შეასრულო ის საქმე, რომელსაც გავალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება და შეფასებები დააგროვო.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს სასაცილო ფასს და ამასაც სწორი მიდგომა სჭირდება. როგორც კი რამდენიმე პროექტს დახურავ და შენს პროფილზე ბევრი ხუთი ვარსკვლავი გამოჩნდება, მომსახურების ფასიც აიწევს და კონკურენციაშიც თამამად შევალთ.

 

ფრილანსერობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ფინანსური თავისუფლებაა. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო ყველაზე დიდი ჰონორარი  რაც ერთჯერადად აგიღიათ Upwork-ზე?

 3600 დოლარი.

თქვენ არა მხოლოდ თავად ხართ წარმატებული, არამედ სხვებსაც ეხმარებით ამ გზის გავლაში. გვიამბეთ თქვენს სასწავლო პროგრამებზე და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ადამიანები, ვისაც ამ ინტერვიუს შემდეგ ფრილანსინგში პირველი ნაბიჯების გადადგმა მოუნდება?

შეუძლიათ ლინკდინზე მომწერონ რომ დაინტერესებულები არიან ჩემი ერთ თვიანი ინტენსიური პროგრამით "გზა ფრილანსერობამდე". გავუზიარებ დეტალებს და პირველ ნაბიჯებსაც თამამად გადავდგამთ.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული