ბრენდინგი

$3 000 000 ერთი პოსტისთვის ინსტაგრამზე

როგორ აქცევენ მსოფლიო ვარსკვლავები პერსონალურ ბრენდს გლობალურ ვალუტად, რა ღირს ნდობა ინსტაგრამზე

$3 000 000 ერთი პოსტისთვის ინსტაგრამზე

წარმოიდგინეთ, რომ ეკრანზე ერთი თითის დაჭერით იმაზე მეტს გამოიმუშავებთ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური კომპანია მთელი წლის განმავლობაში. კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს ყოველდღიური რეალობაა. დღეს სოციალური მედია აღარ არის მხოლოდ ფოტოების პლატფორმა. ეს არის გლობალური ბირჟა, სადაც ყველაზე ძვირადღირებული აქტივი თქვენი ციფრული იმიჯია

როგორც ჯეფ ბეზოსი ამბობს, „თქვენი რეპუტაცია არის ის, რასაც ადამიანები თქვენზე ამბობენ მაშინ, როდესაც ოთახში არ იმყოფებით“.  2026 წელს კი ეს რეპუტაცია პირდაპირ მილიონებად კონვერტირდება

კანადურმა ონლაინ გამოცემა Visual Capitalist-მა ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ადამიანების ოცეულის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება ნდობა, რეპუტაცია და სწორი PR სტრატეგია უზარმაზარ ფინანსურ იმპერიად

პერსონალური ბრენდის მონეტიზაციის პიკი

სიას ტრადიციულად პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელიც 679 მილიონ გამომწერს აერთიანებს. ის 163 მილიონით უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს, ლიონელ მესის (516 მლნ)

მარკეტინგული თვალსაზრისით, რონალდუ დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტსმენის ჩარჩოებს. მან ათწლეულების განმავლობაში ნაშენები სპორტული იმიჯი და მიზანმიმართული გლობალური PR მძლავრ პერსონალურ ბრენდად აქცია

შედეგად, ის თითო დასპონსორებულ პოსტში 3 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ აგენერირებს ურყევი რეპუტაცია და მილიონობით ადამიანის ლოიალობა უპრეცედენტო ეკონომიკურ მოგებას

მესი და ემოციური მარკეტინგი, ციფრებზე ძლიერი ჩართულობა

თუ მარკეტინგი მოლოდინს ქმნის, რეალური ემოცია და ავთენტურობა ამ მოლოდინს გლობალურ ნდობად აქცევს. ლიონელ მესი სწორედ ემოციური მარკეტინგის უმაღლეს მწვერვალს იპყრობს

მიუხედავად იმისა, რომ გამომწერებით მეორე ადგილზეა, ის ინსტაგრამის ისტორიაში ყველაზე მოწონებადი პოსტის ავტორია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავმა ფოტოების სერიამ 75 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა

 მესის ქეისი ამტკიცებს, რომ ციფრულ კომუნიკაციაში აუდიტორიის ემოციური მიჯაჭვულობა ხშირად მშრალ ციფრებზე ბევრად უფრო ძლიერი იარაღია

გავლენის გლობალური რუკა

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-20-ში ამერიკული შოუბიზნესის სრული დომინაციაა, ბაზრის გეოგრაფია საინტერესო სიურპრიზებს გვთავაზობს. მაგალითად, ინდოელი კრიკეტის ვარსკვლავი ვირატ კოჰლი (272 მლნ) აუდიტორიით თითქმის უტოლდება გლობალურ პოპ-დივა ტეილორ სვიფტს (273 მლნ)

ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ლოკალური რეპუტაციის სწორ მართვას გლობალური მასშტაბების მიღწევა

მთავარი გაკვეთილი ბრენდებისთვის

კარგი მარკეტინგი ყურადღებას მარტივად იპყრობს, თუმცა, როდესაც საქმე გრძელვადიან გავლენასა და მრავალმილიონიან კონტრაქტებს ეხება, ყველაფერს რეპუტაცია და ნდობა წყვეტს

ეს ოცეული მხოლოდ ცნობილი ადამიანების სია არ არის, ეს არის 20 ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ქეისი. ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ ციფრულ სამყაროში ყველაზე მყარი ვალუტა, რომლის კაპიტალიზაციაც შესაძლებელია, სწორედ ადამიანების ნდობაა

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული