როგორ ვაქციოთ რეპუტაცია კარიერულ შესაძლებლობად?
რატომ არ კმარა მხოლოდ „კარგი სპეციალისტობა“ და როგორ დავიწყოთ ციფრული იდენტობის შენება - სალომე სულაბერიძე

ხშირად გვესმის ფრაზა პერსონალური ბრენდინგი, თუმცა ბევრმა არ იცის მისი რეალური მნიშვნელობა. რეალურად რა არის პერსონალური ბრენდი დღევანდელ შრომის ბაზარზე და რატომ სჭირდება ის რიგით ინჟინერს, ფინანსისტს ან იურისტს?
ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხებს ჩვენს ინტერვიუში იპოვით, სადაც კარიერული განვითარების მენტორი სალომე სულაბერიძე კარიერული პოზიციონირებისა და ციფრული რეპუტაციის მართვის მთავარ საიდუმლოებებს გვიზიარებს
რა არის პერსონალური ბრენდი რეალურად?
ბევრისთვის პერსონალური ბრენდი კონტენტ კრეატორობასთან ან დიდ პოპულარობასთან ასოცირდება. სალომე, თქვენ როგორ განმარტავდით ამ ცნებას?
ჩემთვის პერსონალური ბრენდი არ ნიშნავს პოპულარობას და არც იმას, რომ აუცილებლად კონტენტ კრეატორი უნდა გახდე. პერსონალური ბრენდი არის ის პროფესიული წარმოდგენა, რომელიც ადამიანებს შენზე უყალიბდებათ მაშინაც კი, როცა ოთახში არ ხარ.
ის პასუხობს კითხვებს - რას აკეთებ კარგად? რა მიმართულების სპეციალისტი ხარ? რა პრობლემის გადაჭრა შეგიძლია? რატომ უნდა გაგიხსენონ კონკრეტული შესაძლებლობის დროს?
დღევანდელ შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი ძლიერი პროფესიონალია, მაგრამ მხოლოდ კარგი სპეციალისტობა ყოველთვის აღარ არის საკმარისი. თუ ბაზარმა არ იცის, რას აკეთებ, რა გამოცდილება გაქვს და რა ღირებულების შექმნა შეგიძლია, შესაძლებლობების ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება უბრალოდ შენამდე ვერ მოვიდეს.
სწორედ ამიტომ სჭირდება პერსონალური ბრენდი ინჟინერსაც, ფინანსისტსაც, იურისტსაც, IT სპეციალისტსაც და მენეჯერსაც.
მითუმეტეს LinkedIn-ზე, შენი პროფილი ხშირად შენამდე მიდის დამსაქმებელთან. Recruiter Search-ში შეიძლება გამოჩნდე მაშინაც კი, როცა კონკრეტულ ვაკანსიაზე განაცხადი საერთოდ არ გაგიკეთებია.
ჩემი აზრით, ძლიერი პერსონალური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი სწორედ ეს არის - შენ აღარ ეძებ ყველა შესაძლებლობას, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებლობების ნაწილიც იწყებს შენს პოვნას.
ზღვარი ჯანსაღ თვითპრეზენტაციასა და „ხმაურს“ შორის

ბევრი ადამიანი ერიდება სოციალურ ქსელებში აქტიურობას. სად გადის ზღვარი ჯანსაღ თვითპრეზენტაციასა და უბრალოდ „ხმაურს“ შორის?
ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, ყველაფრის გამოქვეყნება საჭირო არ არის. არც ყოველდღე უნდა დაპოსტო და არც ყველა თემაზე უნდა გქონდეს აზრი.
ჩემთვის ჯანსაღი თვითპრეზენტაცია იწყება მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს სათქმელი, გამოცდილება ან ცოდნა, რომელსაც სხვებისთვის რეალური ღირებულება მოაქვს. თუ ფინანსისტი ხარ, არ არის აუცილებელი LinkedIn ინფლუენსერი გახდე. შეგიძლია თვეში რამდენჯერმე დაწერო იმ საკითხებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ხედავ.
შეგიძლია გააზიარო პროექტი, პროფესიული დაკვირვება, მიღებული გამოცდილება, შეცდომა, რომელმაც რაღაც გასწავლა, ან უბრალოდ შენი სფეროს რთული საკითხი ახსნა მარტივი ენით.
ხმაური ჩემთვის იწყება იქ, სადაც ადამიანი ცდილობს მუდმივად გამოჩნდეს, მაგრამ გაურკვეველია, რისთვის უნდა გვახსოვდეს ის. მე ყოველთვის მირჩევნია ნაკლები კონტენტი, მაგრამ მკაფიო პოზიციონირებით. ადამიანს შენი სახელის დანახვისას რაღაც კონკრეტული მიმართულება უნდა ახსენდებოდეს.
როგორ ვიპოვოთ საკუთარი ნიშა ციფრულ სივრცეში?
თქვენს LinkedIn პროფილს რომ გადავხედოთ, მკაფიოდ იგრძნობა კონკრეტული ხელწერა და სიმარტივე. თქვენ როგორ იპოვეთ თქვენი ნიშა?
ჩემი ნიშა თავიდან ხელოვნურად არ შემირჩევია, უფრო პირიქით მოხდა. ვაკვირდებოდი, რას მეკითხებოდნენ ადამიანები ყველაზე ხშირად და სად შემეძლო მათთვის ყველაზე მეტი ღირებულების შექმნა.
ვხედავდი ძალიან კარგ პროფესიონალებს, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება, განათლება და რეალური შედეგები, მაგრამ არ იცოდნენ საკუთარი გამოცდილების სწორად წარმოჩენა. უგზავნიდნენ ათობით CV-ს და პასუხს ვერ იღებდნენ. LinkedIn ჰქონდათ, მაგრამ რეალურად მათ სასარგებლოდ არ მუშაობდა. ინტერვიუზე მიდიოდნენ და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ღირებულების სწორად გადმოცემას.
სწორედ აქ დავინახე პრობლემა, რომლის გადაჭრაც შემეძლო და შემდეგ უკვე ყველაფერი ამ პრობლემის გარშემო ავაწყვე. CV, LinkedIn, კარიერული პოზიციონირება, სამუშაოს ძიების სტრატეგია, ინტერვიუ, ხელფასზე მოლაპარაკება და საბოლოოდ რეკრუტინგიც.
LinkedIn-ზე თავიდანვე ვცდილობდი რთული თემები მარტივი ენით ამეხსნა. არასოდეს მინდოდა ჩემი გვერდი ყოფილიყო მხოლოდ ჩემი მიღწევების ჩამონათვალი. მინდოდა ადამიანს პოსტის წაკითხვის შემდეგ რაღაც კონკრეტული დარჩენოდა, რაც მეორე დღესვე გამოადგებოდა.
ვწერ იმაზე, რასაც ყოველდღიურად რეალურ ადამიანებთან მუშაობისას ვხედავ, ამიტომ ჩემი კონტენტის იდეა ხშირად ერთი ადამიანის პრობლემიდან მოდის.
წარმატებული ქეისი - ემიგრაციიდან კანადურ პრესტიჟულ კომპანიამდე
რეალურად რა დრო სჭირდება სტაბილური ციფრული რეპუტაციის შენებას და თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ერთი კონკრეტული ქეისი, თქვენი მენტორობით როგორ შეიცვალა ადამიანის კარიერა?
მე არ მჯერა 30 დღეში ძლიერი პერსონალური ბრენდის ფორმულის. პროფილის ტექნიკურად მოწესრიგება (ფოტო, სწორი Headline, About, გამოცდილება, საკვანძო სიტყვები) შეიძლება ერთ დღეშიც გაკეთდეს, მაგრამ რეპუტაცია სხვა რამეა, მას სჭირდება დრო, თანმიმდევრულობა და მტკიცებულება. სტაბილური ციფრული რეპუტაცია წლების განმავლობაში შენდება და ის რეალურ პროფესიულ გამოცდილებაზე უნდა იდგეს.
რაც შეეხება ქეისს, ერთი ისტორია არასოდეს დამავიწყდება. რამდენიმე წლის წინ მომმართა ქართველმა ფინანსისტმა, რომელიც კანადაში წავიდა ემიგრაციაში. საქართველოში ჩამოყალიბებული კარიერა ჰქონდა, თუმცა ახალ ქვეყანაში თვეების განმავლობაში სამსახურს ამაოდ ეძებდა. აგზავნიდა რეზიუმეებს და ჰქონდა ნული ინტერვიუ. მას არ უნდოდა ნებისმიერი სამსახურის არჩევა, სურდა კარიერის ფინანსების სფეროში გაგრძელება, რაც ახალი ბაზრის, კონკურენციისა და ადგილობრივი გამოცდილების არქონის პირობებში მარტივი არ იყო.
ჩვენ ფაქტობრივად თავიდან ავაწყვეთ მისი სამუშაოს ძიების სტრატეგია
მისი გამოცდილება მოვარგეთ კანადურ ბაზარს
გავაუმჯობესეთ რეზიუმე და LinkedIn პროფილი
სწორად განვსაზღვრეთ სამიზნე პოზიციები და დავიწყეთ მიზანმიმართული Networking
5 თვის განმავლობაში ბევრი რთული ეტაპი და უარი გავიარეთ, სადაც ხან მენტორი ვიყავი, ხან ქოუჩი და ხან ფსიქოლოგი. ხუთი თვის შემდეგ მან მიიღო შეთავაზება ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში კანადაში, დაახლოებით 6 000 კანადური დოლარის ანაზღაურებით.
მთავარი აქ ისაა, რომ მან არ დათმო საკუთარი პროფესიული იდენტობა, არ დაიწყო კარიერა ნულიდან, არამედ გააგრძელა ის, რაც უკვე ჰქონდა აშენებული, უბრალოდ ახალ ბაზარზე და ახალი წესებით.
3 ნაბიჯი, რომელიც LinkedIn პროფილზე ახლავე უნდა შეცვალოთ

რა არის ის 3 მარტივი რამ, რაც ადამიანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (მაგალითად, LinkedIn-ზე) ახლავე უნდა გააუმჯობესოს?
შეხედეთ თქვენს პროფილს უცხო ადამიანის თვალით. ის რამდენიმე წამში უნდა მიხვდეს, ვინ ხართ და რა მიმართულებით ხართ ძლიერი. მხოლოდ „Manager“ ან „Finance Professional“ ძალიან ცოტას ამბობს. თქვენი Headline უნდა შეიცავდეს იმ საკვანძო სიტყვებს, რომლებითაც რეკრუტერი თქვენნაირ კანდიდატს ეძებს
შეწყვიტეთ მხოლოდ მოვალეობების ჩამოთვლა. „Responsible for…“ ტიპის პროფილები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. აჩვენეთ რა შეცვალეთ, რა გააუმჯობესეთ, რა პრობლემა გადაჭერით და რა შედეგი მიიღეთ. სადაც შესაძლებელია, შედეგი კონკრეტული ფაქტით ან რიცხვით გაამყარეთ.
შექმენით ციფრული მტკიცებულება. არ არის აუცილებელი კვირაში ხუთი პოსტის წერა. გააზიარეთ პროექტი, დაწერეთ პროფესიული დაკვირვება, აჩვენეთ ქეისი ან ჩაერთეთ ღირებულ დისკუსიებში თქვენი ინდუსტრიის ადამიანებთან.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ LinkedIn-ზე მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩნდეთ, როცა სამსახურს ეძებთ. პროფესიული რეპუტაციის შენება სამსახურის დაკარგვის დღეს არ უნდა იწყებოდეს. ის უნდა შენდებოდეს მაშინ, როცა სამსახური გაქვს და შეგიძლია აჩვენო რას სწავლობ, რას ქმნი და რა ღირებულება შეგაქვს შენს სფეროში.
რას ეტყოდით დასასრულს ჩვენს მკითხველს, რომელსაც შესაძლოა ეჭვი ეპარება საკუთარ კარიერულ შესაძლებლობებში?
ნუ დაელოდებით იმ დღეს, როცა სამსახური დაგჭირდებათ, ბაზარს პირველად მაშინ გაახსენოთ თავი. კარიერა მხოლოდ სამსახური არ არის. ის არის რეპუტაცია, ურთიერთობები, გამოცდილება და შედეგები.
ათობით უარი არ ნიშნავს, რომ ცუდი სპეციალისტი ხარ. ზოგჯერ პრობლემა იმაშია, რომ გამოცდილება არასწორად არის წარმოდგენილი, ან ადამიანებმა, რომლებსაც შენი კარიერის შეცვლა შეუძლიათ, უბრალოდ ჯერ არ იციან შენი არსებობის შესახებ.
მოუსმინეთ ფაქტებს, მაგრამ არა სხვის შიშებს. არ მისცეთ სხვების შეზღუდულ გამოცდილებას უფლება, თქვენი შესაძლებლობების საზღვარი გახდეს. შეისწავლეთ ბაზარი, შექმენით სტრატეგია, მიიღეთ უარი და გააგრძელეთ, რადგან ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ის წყვეტს საკუთარი თავის წინასწარ უარყოფას.
