Microsoft-ის გლობალური გათიშვის გამო, საბანკო სექტორი ბიზნესს და მოსახლეობას აფრთხილებს
12 საათზე მეტია, მილიონობით მომხმარებელს Outlook-სა და Teams-ზე წვდომა შეზღუდული აქვს, რა გავლენა იქონია ხარვეზმა მსოფლიო ბაზარზე და როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი კიბერთაღლითობისგან.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის გლობალური შეფერხება უკვე 12 საათზე მეტია გრძელდება. პრობლემა ხუთშაბათს, 12 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის სერვისების გათიშვით დაიწყო, პარასკევს დილით კი ევროპის გაღვიძებასთან ერთად, ხარვეზი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა.
მსოფლიოში Microsoft 365-ის აპლიკაციებს 430 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, ხოლო უმსხვილესი კომპანიების (Fortune 500) 90%-ზე მეტი მის ხელოვნურ ინტელექტზე (Copilot AI) არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, Outlook-ის, Teams-ისა და საოფისე პროგრამების გათიშვამ გლობალური სამუშაო პროცესი ფაქტობრივად გააჩერა. მონიტორინგის პლატფორმა Downdetector-ის მონაცემებით, სულ რაღაც ერთ საათში პრობლემა 74 ქვეყანაში დაფიქსირდა.
მიუხედავად მასშტაბური კრიზისისა, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მომხდარი უსაფრთხოების სისტემის გარღვევას ან კიბერშეტევას არ უკავშირდება.
როგორ აისახა შეფერხება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში?
ტექნოლოგიურმა ხარვეზმა სხვადასხვა სექტორს უჩვეულო ნაბიჯების გადადგმა აიძულა:
ავიაცია და ფინანსები: რამდენიმე ავიაკომპანიას მომხმარებელთა ელექტრონული მხარდაჭერა გაეთიშა. ჰონგ-კონგში კი ისეთი საფინანსო გიგანტების თანამშრომლები, როგორებიცაა Morgan Stanley და Goldman Sachs, ლანჩის შესვენებამდე სრულად პარალიზებულები იყვნენ. ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ კვარტალური შემოსავლების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებაც კი გადადო.
აშშ-ის ადგილობრივი მთავრობები: ქვეყნის მასშტაბით ქალაქების ადმინისტრაციებს ელექტრონული ფოსტა გაეთიშათ. მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, უწყებებს პირადად, ადგილზე მისვლით დაუკავშირდნენ.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი: იაპონიის ზოგიერთი სამთავრობო სამსახური იძულებული გახდა, მუშაობის ძველ მეთოდს დაბრუნებოდა და დოკუმენტები ქაღალდზე ამოებეჭდა. სასამართლო პროცესები და სასწავლო პროცესი შეფერხდა ფილიპინებსა და ავსტრალიაშიც.
მთავარი საფრთხე ქართული და გლობალური ბიზნესისთვის, გააქტიურებული თაღლითები
მიუხედავად იმისა, რომ თავად გათიშვა კიბერშეტევის შედეგი არ არის, საბანკო სექტორი მომხმარებლებსა და კომპანიებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კრიზისულ სიტუაციებს ხშირად იყენებენ კიბერდამნაშავეები ე.წ. „ფიშინგის“ მოსაწყობად. ბანკების გაფრთხილებით, თაღლითებმა შესაძლოა სისტემური ხარვეზის საბაბით გამოგზავნონ ყალბი შეტყობინებები (თითქოსდა ტექნიკური დახმარების ან ანგარიშის აღდგენის მიზნით) და ამ გზით სცადონ როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესების მონაცემების ხელში ჩაგდება.


