ღვინის ქურდები ტოსკანაში, როგორ მოიპარეს € 5 000 000 ღირებულების ელიტური ღვინო
იტალიური მარნის რეპუტაციული კრიზისი და ღვინის ექსპერტი კრიმინალების ნადირობა განსაკუთრებით ძვირადღირებულ ბოთლებზე

იტალიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევა მოხდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესისა და მეღვინეობის სამყარო შეძრა. იტალიის უდიდესმა საოჯახო ღვინის კომპანიამ, Marchesi Antinori-მ, ტოსკანაში მდებარე საწყობიდან 5 მილიონი ევროს ღირებულების 30 000 ბოთლი პრემიუმ კლასის ღვინო დაკარგა
პროფესიონალური ოპერაცია
ეს არ ყოფილა რიგითი ძარცვა. ფლორენციაში ბაზირებულ კომპანიაში, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1385 წლიდან იღებს, მიაჩნიათ, რომ საქმე კარგად ორგანიზებულ პროფესიონალებთან აქვთ. ქურდებმა Cortona-ში მდებარე საწყობი ზუსტად იმ დროს ამოიღეს მიზანში, როდესაც ქარხანა საზღვარგარეთ კლიენტებისთვის განსაკუთრებით ძვირფასი ბოთლების დიდი პარტიის გასაგზავნად ემზადებოდა.
შვიდმა ნიღბიანმა მამაკაცმა ოსტატურად გამორთო სიგნალიზაციის სისტემა და ქარხნის საკულტო ტოსკანური წითელი ღვინოების - Tignanello-ს, Solaia-სა და Guado al Tasso-ს ათასობით ყუთი ორ უზარმაზარ სატვირთო მანქანაში ჩატვირთა. მოპარული ბოთლების საცალო ფასი ბაზარზე 150-დან 500 ევრომდე მერყეობს. შაბათს ღამით მომხდარი ქურდობა მხოლოდ ორშაბათს დილით აღმოაჩინეს, როდესაც თანამშრომლები სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას სათვალთვალო კამერების ვრცელი ჩანაწერი აქვს, ეჭვმიტანილები ჯერ კიდევ არ არიან დაკავებულნი.
ღვინის სომელიეები კრიმინალურ სამყაროში?
ექსპერტების ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ეს ძარცვა იტალიაში მომხდარი ანალოგიური დანაშაულების სერიის გაგრძელებაა. კრიმინალების მიერ ბოთლების საგულდაგულო შერჩევა აშკარად მიუთითებს ღვინის სფეროს ღრმა ცოდნასა და სამიზნე ობიექტების შესახებ შიდა ინფორმაციის (ინსაიდერული მონაცემების) ფლობაზე
ამავე ზაფხულს, ისტორიული მარნიდან Banfi di Montalcino, ქურდებმა ზუსტი შერჩევით გაიტანეს საუკეთესო Alta Langa-ს 3 000 ბოთლი.
გასულ თვეში, Conterno Fantino-ს საწყობიდან, კრიმინალებმა ავტომტვირთველის გამოყენებით სულ რაღაც სამ საათში 3 000 ბოთლი პოპულარული Barolo მოიპარეს.
მილანის ცნობილ რესტორან Affinatore-ში კი მუშების ფორმაში გამოწყობილმა პირებმა ტყვიაგაუმტარი მინა გახვრიტეს და 280 000 ევროს საერთო ღირებულების ძვირფასი Romanée-Conti-ს ბოთლები გაიტაცეს.
თუმცა, Antinori-ს შემთხვევა როგორც მოცულობით, ისე ზარალის ოდენობით ყველაზე მასშტაბურია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
ბრძოლა ბაზრისა და რეპუტაციის დასაცავად
კომპანია Antinori-სთვის, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 263 მილიონი ევრო შეადგინა და პროდუქციის ექსპორტს 170 ქვეყანაში ახორციელებს, ეს ფინანსურზე მეტად მორალური და რეპუტაციული დარტყმაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რენცო კოტარელა აღნიშნავს, რომ ქარხანაში ადამიანები ტიროდნენ. „ჩვენ ამ ღვინის გარეშეც გადავრჩებით, მაგრამ ის ფაქტი მწყვეტს გულს, რომ ეს ჩვენ დაგვემართა“.
ამჟამად კომპანია ღიად ტეხს განგაშს და აფრთხილებს პოტენციურ მყიდველებსა და ღვინის კოლექციონერებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ საეჭვო წყაროებიდან მაცდურ ფასად შესთავაზებენ Tignanello-ს, Solaia-სა ან Guado al Tasso-ს პარტიებს, ეს შესაძლოა მოპარული ქონება იყოს. კოტარელას თქმით, ორი სატვირთო მანქანა ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა და ამ ელიტური პროდუქციის შეუმჩნევლად რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კრიმინალებისთვის ძალიან რთული იქნება.
მასალა მომზადებულია Financial Times ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით


