ამბავი

სნუპ დოგი ვაკანსიას აცხადებს, თვეში $ 10 000 იხდის

ლეგენდარული რეპერის ბრენდში დასაქმება სრულიად დისტანციურია და განაცხადის გაგზავნა საქართველოდანაც შეგიძლიათ

სნუპ დოგი ვაკანსიას აცხადებს, თვეში $ 10 000 იხდის

თუ ნაყინი გიყვართ და დისტანციური მუშაობა თქვენი სტილია, ჰიპ-ჰოპის ლეგენდას, სნუპ დოგს თქვენთვის ნამდვილი ოცნების ვაკანსია აქვს. მისი ნაყინის კომპანია „Dr. Bombay“ ოფიციალურ დეგუსტატორს ეძებს.

გლობალურ HR პლატფორმა Deel-თან პარტნიორობით, რეპერი მზად არის საუკეთესო კანდიდატს თვეში 10 000 აშშ დოლარი გადაუხადოს. რაც ყველაზე მიმზიდველია, სამსახური სრულიად დისტანციურია და განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საქართველოდანაცაა შესაძლებელი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში სნუპ დოგმა პირდაპირ მოუწოდა მსურველებს აქტიურობისკენ. რეპერის თქმით, გლობალური ბიზნესის მართვა და ბიუროკრატია მარტივი არ არის, თუმცა ყველა იურიდიულ თუ საორგანიზაციო საკითხს Deel აგვარებს, მას კი უბრალოდ ნიჭიერი და კრეატიული თანამშრომელი სჭირდება. ბრენდი „Dr. Bombay“ ცნობილია თავისი ნოსტალგიური და ორიგინალური გემოებით, როგორიცაა კარამელის ვაშლის ღვეზელი, არაქისის კარაქის, ჟელეს მიქსი და სხვა.

რა შევა ნაყინის დეგუსტატორის მოვალეობებში?

კომპანია ეძებს ადამიანს, რომელიც დააკვირდება კვებისა და არომატების გლობალურ ტრენდებს, შეაფასებს, რა არის აქტუალური სოციალურ ქსელებში და შეძლებს დაგემოვნების პროცესის საინტერესო კონტენტად ქცევას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატი აქტიურად ჩაერთვება ახალი გემოების შემუშავებასა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში.

ძირითადი მოთხოვნები და პირობები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვების კულტურისა და ტრენდების აღმოჩენის დიდი ინტერესი, ძლიერი სოციალური ინსტინქტები და, რაც ყველაზე მთავარია, რძის პროდუქტების გემოს, არომატისა და ტექსტურის შეფასების უნარი. სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, ხოლო დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად. ვაკანსია განსაკუთრებით მიმზიდველია კონტენტ კრეატორებისთვის და მათთვის, ვისაც ბრენდის შენება აინტერესებს.

კონტრაქტი ფორმდება 3 თვის ვადით, დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსით. დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა deel.com პლატფორმაზე უკვე შეუძლიათ.

 წყარო: https://www.billboard.com/

დაკავშირებული