რეპუტაცია

რეპუტაცია, რომელიც ბიზნესის შიდა სამზარეულოდან იწყება

რეპუტაციის მართვაზე და ბრენდინგზე, სტრატეგიული სააგენტო ,,LIVE branding’’ – ის დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი ალექს ჩიქოვანი საუბრობს

რეპუტაცია, რომელიც ბიზნესის შიდა სამზარეულოდან იწყება

„მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა?“ - აკაკი წერეთელი, „გამზრდელი“

კომპანიები რეპუტაციის მართვას ხშირად ცალკე გამოყოფენ - ამბობენ, რომ ცალკე სამართავია. კი ბატონო, შეიძლება რეპუტაციაზე ცალკე ადამიანი ზრუნავდეს, მაგრამ რატომ უნდა იყოს ის კომპანიისა და ბრენდის ყოველდღიური საქმიანობისგან განცალკევებული, მე პირადად ცოტა არ მესმის. ხშირად მინახავს, რომ განცალკევებულია და „ამას ვჩივი“.

როცა რეპუტაციის მართვა ცალკე დგას, ხოლო ბრენდინგი, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ცალკე, რაღაცნაირად „ჩვენ ცალ-ცალკე ვართ“ განცდა იბადება. მერე ზოგი ალთას არის და ზოგიც ბალთას, ერთიანი მოქმედება იკარგება.

არავის მივუთითებ, როგორ მართოს თავისი საქმე, მაგრამ ასეთი განცალკევება მცდარ პრაქტიკად მიმაჩნია და მე ჩემსას ვიტყვი.

ბრენდის რაობა ზუსტად ორ სიტყვაში რომ განვმარტო, ასე ვიტყვი - დადებითი რეპუტაცია სიტყვისა და საქმის დამთხვევით მოპოვებული სახელი წლების, ათწლეულების განმავლობაში. ხოლო ბრენდინგის რაობას კიდევ უფრო მოკლედ გეტყვით - საქციელი, თანაც, ბრენდის ყოველდღიური საქციელი.

ამიტომ ბრენდინგი მხოლოდ ბრენდინგის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის ფუნქციების საზრუნავი ვერ იქნება. ბრენდის დაპირებას მთელი ორგანიზაცია ასრულებს, მისი საქციელი ყველას საქციელია.

ყოველდღიური ქცევის ყველა დეტალს წინასწარ ვერ გაწერ და ვერც გააკონტროლებ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ღრმად გამჯდარი ბრენდის ფილოსოფია, ანუ სტრატეგია, თანაც კარგად დანერგილი, რომლის პრინციპებითაც ადამიანები გაუწერელ სიტუაციებშიც მოქმედებენ.

რა განსაზღვრავს საქციელს? გონება, შენი მენტალობა.

როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ბრენდინგიც ადამიანის გონებამდე დადის და სწორედ ამიტომ ბრენდინგს მე Bra(i)nding-ს / ბრე(ი)ნდინგს ვუწოდებ. ქართულად „ტვინდინგი“ გამოდის.

ეს სიტყვების თამაში მნიშვნელოვან სათქმელს ამბობს: ბრენდინგი გონებაში იწყება, გრძელდება და არსებობს - გონებით იქცევი! მენტალობა აზროვნების ჩარჩოა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქცევას განსაზღვრავს.

რა სჭირდება ამ ყველაფერს?

პირველ რიგში, სტრატეგია - დაწერილი! უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდის ფილოსოფია, გნებავთ მსოფლმხედველობა. ოღონდ, ვიმეორებ, დაწერილი! სხვანაირად მისი თანამშრომლებამდე მიტანა და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა ძალიან გაჭირდება.

შემდეგ საჭიროა თანამშრომლების თ ა ნ ა ზ ი ა რ ო ბ ა ამ ფილოსოფიასთან. ამისთვის კი სწორი ადამიანების, ანუ როგორც მე მათ ვეძახი, ბრენდამიანების შერჩევა და მათთვის სათანადო ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური პირობების შექმნაა საჭირო. თანამშრომელმა მხოლოდ ის კი არ უნდა იცოდეს რა წერია სტრატეგიაში, არამედ უნდა ესმოდეს, სჯეროდეს და თავადაც უნდოდეს ასე მოქმედება. სწორედ მაშინ, ასე მოქმედებისას არის ის - ბრენდამიანი! მაშინ სიტყვა, რომელიც კომუნიკაციით გარეთ გადის და ადამიანებში მოლოდინს ქმნის, საქმეს დაემთხვევა, მოლოდინი გამართლდება - თან მუდმივად!

მაგრამ ყოველივე ამას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი რამ განსაზღვრავს, პირველი პირების, ბრენდის სიცოცხლეზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების მენტალობა! მათი დამოკიდებულება საქმის, ადამიანების და საზოგადოდ ცხოვრების მიმართ. იმის კარგად გააზრება, რომ თანამშრომელსაც და მომხმარებელსაც უნდა ეფერო. რომ ეს ფერება შენი საქმის ფერებაა, იმიტომ, რომ კომპანია და ბრენდი სწორედ ამ ორ ჯგუფზე დგას! თანამშრომელი აღასრულებს ბრენდის სტრატეგიას, მისი ქცევა ბრენდის ქცევაა, ხოლო მომხმარებელი ფულს იხდის იმაში, რასაც შენ სთავაზობ.

ამას მხოლოდ მაშინ შეძლებ, როცა ასე გესმის, ასეთი ხარ. ვერ გაიგებ და ვერ იქნები... ასე ვერ მოიქცევი, თუ შესაბამისი, სწორი მენტალობა არ გაქვს. მე ამას ბ რ ე ნ დ ა ლ ი ტ ე ტ ი დავარქვი. ჩემი აზრით, ბრენდალიტეტი ბრენდის რეპუტაციის შენებისა და მართვის ყველაზე მძლავრი ხელსაწყოა. ბრენდალიტეტი - მენტალობა, რომელიც ბრენდს შიგნიდან გარეთ სწორად აშენებს და სიტყვისა და საქმის დამთხვევას ბუნებრივ საქციელად აქცევს. პატივს სცემს თანამშრომელს, მომხმარებელს და საზოგადოდ ადამიანებს.

თუმცა ბრენდალიტეტი მხოლოდ ხელმძღვანელის პირადი თვისება ვერ იქნება. მთელი ორგანიზაციის აზროვნების წესად უნდა იქცეს - ორგანიზაციულ ბრენდალიტედად. მაგრამ სწორედ პირველი პირების ნებასა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, მოხდება ეს თუ არა.

აქვე ერთს ხაზგასმით ვიტყვი: დაწერილი სტრატეგია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ დაწერილი სიტყვები თავისთავად ვერაფერს შეცვლის. სტრატეგია იმდენად უნდა გაითავისოს ორგანიზაციამ, რომ მისი პრინციპებით მოქმედება საგანგებო დავალება კი არა, ჩვევა გახდეს.

აი, მაშინ იქცევა წვრთნა ბუნებად.

როცა ბრენდალიტეტი ორგანიზაციაში არსებობს, დადებით რეპუტაციაზე ზრუნვა ცალკე საქმე აღარ არის. ის ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი ნაწილია და რეპუტაციული ზიანის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. და როცა ბუნებრიობა ნავარდობს, ლადო ასათიანს რომ დავესესხოთ - ცუდი რეპუტაციის ყველა კარი დარაზეთ!

აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია. ბრენდის ფილოსოფიისადმი ერთგულება განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებში ჩანს, რომელთა შესახებ საზოგადოება შეიძლება ვერასდროს გაიგოს.

ვთქვათ, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მისი პროდუქტი ბოლომდე არ შეესაბამება იმ ხარისხს, რომელსაც მომხმარებელს ჰპირდება. შეიძლება ეს ხარვეზი მომხმარებელმა ვერც შეამჩნიოს. რას იზამს კომპანია? დაფიქრდება იმაზე, გაიგებს თუ არა ვინმე, თუ იმაზე, სწორია თუ არა ასეთი პროდუქტის გაყიდვა? აი, აქ გამოჩნდება, ვის აქვს ბრენდალიტეტი და ვის არა. და აქ წყდება რეპუტაციის ბედიც.

ჰოდა, მგონი, ღირს ამის დამახსოვრება: რეპუტაციას სიმყარეს ის საქციელები აძლევს, რომლებიც არ ჩანს! ხილულიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაღდობა სწორედ იქ მოწმდება, სადაც არავინ გიყურებს.

რეპუტაციის მართვის მთავარი საქმე რეპუტაციული ზიანის პრევენციაა - პროაქტიულობა და არა მხოლოდ რეაქტიულობა. ხოდა, სტრატეგიის მწყობრად და უღალატოდ აღსრულებაზე მაგარი პრევენცია მე არ მეგულება.

რა თქმა უნდა, ბრენდალიტეტი შეცდომებისგან არავის აზღვევს. მაგრამ ის კომპანიას აძლევს გამბედაობას და მკაფიო გაგებას იმისა, რომ თუ შეცდომა მოუვიდა, უნდა აღიაროს, ბოდიში მოიხადოს, პასუხისმგებლობა აიღოს და მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. როცა ასე იქცევი, შენ მიმართ აგრესია მცირდება და რაც მთავარია, შენი საქციელი დამაჯერებელია. შედეგად, შეცდომები უფრო ადვილად გვეპატიება! გენდობიან!

გაიხსენეთ ადამიანი, რომელსაც ვენდობით, რომელსაც ჩვენს თვალში კარგი სახელი აქვს. რას ვამბობთ ხოლმე მაშინ, როცა ის რაღაცას „აფუჭებს“?

„ძალით არ იზამდა, შეეშალა.“

„ვერ დავიჯერებ, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.“

„აღიარა აგერ, გულწრფელად და რას ვერჩით? ვიცოდი, რომ ასეც იზამდა. ვენდობი.“

რამდენჯერ გაგვიგია ასეთი რამ კარგ ადამიანზე, არა?

ეს არის კარგი რეპუტაციის ხიბლიც - ნდობა, რომელიც შეცდომის დროსაც გეხმარება.

ამაზე ერთი კარგი მაგალითი გამახსენდა. 2019 წელს ერთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მარნეულისა“ და „კულას“ ტყემლებში არასაკვები საღებავი აღმოაჩინა. მაშინ ჩვენ „მარნეულთან“ ერთ პატარა პროექტზე ვმუშაობდით და სოციალურ ქსელებში მომხმარებლების რეაქციას ვაკვირდებოდით. და იცით, რა მოხდა? ბევრმა არ დაიჯერა! :) არც მე, სხვათა შორის, „მარნეულის“ დიდი ხნის მომხმარებელმა.

„ამდენი წელია ბაზარზე არიან, რატომ იზამდნენ?“ - დაახლოებით ასეთი იყო ბევრი მომხმარებლის რეაქცია.

ახლა რომ გითხრათ, „მარნეულს“ და „კულას“ ბრენდის მართვასა და კომუნიკაციაში ვარსკვლავები აქვთ მოწყვეტილი-მეთქი, მთლად მართალი არ ვიქნები. მაგრამ წლების განმავლობაში სტაბილური გემოთი და ხარისხით მომხმარებლების ნდობა ჰქონდათ დამსახურებული. სწორედ ეს ნდობა მოევლინათ მშველელად. სხვათა შორის, ორივე კომპანიამ პროდუქტი გერმანულ ლაბორატორიებში გადაამოწმა და გამოაქვეყნა შედეგები, რომელთა მიხედვითაც შემოწმებულ ნიმუშებში აღნიშნული საღებავი არ აღმოჩნდა. თავდაპირველი კვლევის ავტორი ორგანიზაცია ამ შედეგებზე დაობდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ამბავი ბრენდებისთვის მშვიდობიანად, რეპუტაციული ზიანის გარეშე დასრულდა.

აქ ერთ რამესაც ვიტყვი, კლასიკურ ბრენდინგში შეიძლება მოიკოჭლებდე, მაგრამ თუ სწორად იქცევი და ხარისხს ინარჩუნებ, ეს მაინც დაგიფასდება. თუმცა ბრენდის შენებისთვის მეტ დროს დახარჯავ და კონკურენტებმაც შეიძლება გადაგფარონ. ამიტომ აქტიური ბრენდინგი გაცილებით მომგებიანია.

მოკლედ, ბრენდალიტეტი, ბრენდინგის არსებობა კომპანიის კულტურაში და ყოველდღიურობაში აღსრულებული სტრატეგია - ეს ყველაფერი ბრენდის რეპუტაციაზე ზრუნვის ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი ნაწილია და არა ცალკე პროცესი. რეპუტაცია ცალკე ვერ იცხოვრებს. ის კომპანიის ცხოვრებით ცხოვრობს, მისი საქციელიდან გამომდინარეობს.

თუ კომპანია ყოველდღე სწორად არ იქცევა, ცალკე „რეპუტაციის მართვა“ - წვრთნა - რას უშველის?

სიმართლე, მით უმეტეს ამ საუკუნეში, ხომ ვერ დაიმალება? „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.“ ყოველდღიური საქმეა, ის ბუნებრივი და ნაღდი უნდა იყოს.

დაკავშირებული