რეპუტაცია

Louis Vuitton-ის ექსკლუზიური კოლექცია Real Madrid - ისთვის

სამეფო კლუბისა და ფრანგული ფუფუნების კოლაბორაცია - ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც საცალო გაყიდვაში არასოდეს გამოვა

Louis Vuitton-ის ექსკლუზიური კოლექცია Real Madrid - ისთვის

რა ხდება, როცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოდის სახლი და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ძალებს აერთიანებენ? პასუხი მარტივია, იქმნება სტანდარტი, რომელიც ახალ სიმღლეებს აწესებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის სტარტზე, Louis Vuitton და Real Madrid თანამშრომლობის ახალ, კიდევ უფრო შთამბეჭდავ ეტაპზე გადადიან. მოდის გიგანტმა წარმოადგინა ახალი კოლექცია Formal Wear & Formal Travel (ფორმალური და სამოგზაურო ტანსაცმელი), რომელიც სპეციალურად სამეფო კლუბის მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო, აგრეთვე საკალათბურთო გუნდებისთვის შეიქმნა.

ეს არ არის უბრალოდ სპონსორობა - ეს არის Louis Vuitton-ის უნიკალური სამკერვალო ხელოვნების დემონსტრირება იმ სპორტსმენების სამსახურში, რომელთა სახელებიც სტადიონების ფარგლებს მიღმაც ბრწინავს.

ფარელ უილიამსის ხედვა და 130-წლიანი მემკვიდრეობა

კოლექცია, რომელიც Louis Vuitton Men’s Studio-ს მიერ, კრეატიული დირექტორის, ფარელ უილიამსის ხელმძღვანელობით შეიქმნა, აერთიანებს ახალ მოდელებს უკვე არსებულ, კლასიკურ დიზაინებთან. შთაგონების მთავარი წყარო 2026 წლის თებერვალში გამოსული Trunk Collection-ია. ამასთან, ტყავის ნაწარმი, Mon Monogram-ის ხაზით, ბრენდის საკულტო მონოგრამის 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

როგორ გამოიყურება Real Madrid - ის ახალი სტილი?

სამოგზაურო-ფორმალური ლუქის მთავარი სიახლე ორმხრივი ნეილონის ქურთუკია, რომლის შიდა მხარეც სრულად დაფარულია ბრენდის მონოგრამით. კოლექციას ავსებს მუქი ლურჯი სვიტერი ტყავის Vuitton-ის ლოგოთი და ახალი კრემისფერი პოლო-მაისური. თითოეულ სამოსზე ამაყად არის ამოქარგული მადრიდის რეალის გერბი.

მკაცრი ფორმალური ტანსაცმლის  მიმართულებით, კლასიკური კოსტიუმი  უცვლელი რჩება, თუმცა მას დაემატა დახვეწილი ცისფერი პერანგი წვრილი თეთრი ზოლებით. ლუქს კი აგვირგვინებს ქაშმირის პალტო, რომელსაც მოსახსნელი Monogram-შარფი და რაც მთავარია, მოთამაშის ინიციალებიანი პერსონალიზებული შიდა ეტიკეტი ახლავს.

ექსკლუზიურობა, როგორც სტრატეგია

ამ კოლექციის მთავარი ძალა და პიარ-ღირებულება მის სრულ ექსკლუზიურობაშია - ის საცალო გაყიდვაში არ გამოვა.

ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის პოზიციონირებას. Louis Vuitton  ამით ამბობს, რომ არსებობს ფუფუნება, რომლის ყიდვაც შეუძლებელია,  ის მხოლოდ რჩეულთათვისაა განკუთვნილი.

მიუხედავად ამისა, მომხმარებლებისთვის ბუტიკებსა და louisvuitton.com-ზე ხელმისაწვდომი იქნება კოლექციის შთაგონების წყაროდ ქცეული ზოგიერთი საკულტო მოდელი და Mon Monogram პერსონალიზაციის სერვისი.

ბრენდის ექსპანსია ელიტურ სპორტში

Real Madrid - თან პარტნიორობით, Louis Vuitton კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ადგილი მხოლოდ მოდის კვირეულებზე კი არა, სპორტის მწვერვალზეცაა.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული