კარგი მარკეტინგი ყურადღებას იპყრობს, მაგრამ როცა ბრენდის რეპუტაცია ჯერ შენდება, ნდობას ვინ ქმნის?
მარკეტინგი ქმნის მოლოდინს, მაგრამ როცა ბრენდის რეპუტაცია შენდება, რეალური გამოცდილება განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა ეს მოლოდინი მომხმარებლის ნდობად

ქეთი, როცა რეპუტაცია ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, რამდენად რთულია მარკეტიგმა თავისი საქმე პროფესიონალურად შეასრულოს?
ჩვენს დღევანდელ, სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც სამომხმარებლო ბაზარი ბევრად უფრო ინფორმირებულია და მომხმარებელს სულ რამდენიმე წამში შეუძლია შეადაროს პროდუქტის ფასი, წაიკითხოს შეფასებები ან ნახოს ვიდეოკონტენტი სხვა მომხმარებლების გამოცდილების შესახებ, ვიტყოდი, რომ მარკეტინგული საქმიანობა იმაზე ბევრად უფრო კომპლექსური გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა
მარკეტინგული კომუნიკაცია მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაცია აღარ არის - ის ნდობის ხიდის მშენებლობაა, რომელიც ბრენდსა და მომხმარებელს აკავშირებს.
თანამედროვე მარკეტინგი ეფუძნება მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას, ნდობის მოპოვებას და ისეთი გამოცდილების შეთავაზებას, რომელიც მას ბრენდთან დაბრუნების მიზეზს აძლევს. დღეს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, იყიდოს თუ არა პროდუქტი, უფრო სწრაფად და ემოციის საფუძველზე იღებს. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც ხშირად წინასწარ დაგროვებულ ნდობას ეფუძნება.
თუ ბრენდი მომხმარებლისთვის ნაცნობია, აქვს კარგი რეპუტაცია და წარსულში დადებითი გამოცდილება შეუქმნია, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივი ხდება.
თანამედროვე მარკეტინგის მთავარი გამოწვევაც სწორედ ის არის, რომ ბრენდმა არა მხოლოდ მიიპყროს მომხმარებლის ყურადღება, არამედ მისცეს მას ნდობის საფუძველი. ჩვენს ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც უამრავი საკომუნიკაციო არხი არსებობს სხვადასხვა აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმიმდევრული კომუნიკაცია, რეალისტური დაპირებები და გამჭვირვალობა და ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც ბრენდის დაპირებებს რეალურად დაადასტურებს.
სხვაგვარად, მარკეტინგმა შეიძლება შექმნას არაჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია და მომხმარებელში გარკვეული მოლოდინი გააჩინოს, თუმცა თუ რეალური გამოცდილება ამ მოლოდინს ვერ გაამართლებს, ეს პირდაპირ აისახება ბრენდის რეპუტაციაზე.
რთულს არ ვიტყოდი, თუმცა რეპუტაციის მშენებლობის პროცესში მარკეტინგისთვის საკუთარი საქმის პროფესიონალურად შესრულება ნამდვილად უფრო საინტერესო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო ხდება, რადგან მას ერთდროულად უწევს გაყიდვებზე, ცნობადობასა და ნდობის შექმნაზე მუშაობა
სწორედ ამ ეტაპზე განხორციელებული სწორი მარკეტინგული სტრატეგია შეიძლება მომავალი ძლიერი რეპუტაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იქცეს.


