მოსაზრება

TBC - ის ხელისგულით გადახდა - ტექნოლოგიური პროგრესი თუ კიბერსაფრთხე?

რამდენად უსაფრთხოა ბიომეტრიული გადახდა საქართველოში, რატომ დახურა Amazon One - მა ეს პროექტი და სად გადის ზღვარი კომფორტსა და კონტროლს შორის?

TBC - ის  ხელისგულით გადახდა - ტექნოლოგიური პროგრესი თუ კიბერსაფრთხე?

ციფრულ სამყაროში აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. სანამ საქართველო ამ ინოვაციას ნერგავს, საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიამ საინტერესო გზა გაიარა -  ფრანგული Carrefour-ის ექსპერიმენტებიდან დაწყებული, ამერიკულ Amazon One -მდე, რომელმაც საცალო ობიექტებში ეს სერვისი მომხმარებელთა დაბალი აქტივობის გამო უკვე შეაჩერა. სად გადის ზღვარი ყოველდღიურ კომფორტსა და კონფიდენციალურობის რისკებს შორის და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკუთარ ბიომეტრიულ შაბლონს სისტემას მივანდობთ?

ამ აქტუალურ გამოწვევებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და სისტემის მუშაობის პრინციპებზე Reputation.ge - ს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი, ანდრო გოცირიძე ესაუბრება

  • TBC - ის  ხელისგულით გადახდის ფუნქციამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. რამდენად საფუძვლიანია პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში?

ტექნოლოგიის შეფასებისას აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ამოცნობის მეთოდის საიმედოობა და თავად იმ სისტემის უსაფრთხოება, რომელიც მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს. მეთოდი - ხელის გულით გადახდა,  ბიომეტრიული ტექნოლოგიის, ადამიანის ფიზიკური ან ქცევითი მახასიათებლებით ამოცნობის ერთ-ერთი გამოყენებაა და მის მიმართ ინტერესი ბუნებრივია, ისევე როგორც კითხვები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კითხვების სპექტრი ფართოა, ზებუნებრივი ძალებითა და შეთქმულების თეორიებით დაწყებული, სავსებით მართებულად  პერსონალური ინფრომაციის დაცვასა და ფინანსების უსაფრთხოებით დამთავრებული.

მსგავსი სისტემების გამოყენების საერთაშორისო გამოცდილება უკვე არსებობს.  აშშ-ში Amazon One მომხმარებლის ამოსაცნობად ხელისგულის ზედაპირისა და კანქვეშა ვენების მახასიათებლებს აერთიანებდა. ამ მონაცემების საფუძველზე იქმნებოდა ბიომეტრიული შაბლონი, მახასიათებლების ციფრული ფორმა, რომელსაც სისტემა შემდგომი ამოცნობისთვის იყენებდა. ამგვარი შაბლონის დასაცავად კომპანია იყენებდა როგორც დაშიფვრას და ცოცხალი ხელის ამოცნობის ტექნოლოგიას. ანუ, გარდა მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის შეზღუდვისა, ტექნოლოგია ანსხვავებდა ნამდვილი ხელსა და მის ხელოვნურ ანალოგის იმიტაციას.  

მართალია, ვერც ერთი ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას, მაგრამ ზოგადად, რამდენიმეშრიანი სისტემა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.

არსებობს მონაცემები, რომ გადახდის ეს ტექნოლოგია პარიზის Carrefour - შიც გამოცადეს. ეს მეთოდი ინფრაწითელი სხივით კანქვეშა სისხლძარღვების, ვენების  ნახატის დაფიქსირებას ემყარებოდა, მიღებული მაჩვენებლები კი შემდგომში რეგისტრაციისას შექმნილ შაბლონს ედარებოდა

TBC-ის ოფიციალური აღწერის მიხედვით, მომხმარებელი სპეციალურ ტერმინალთან არეგისტრირებს ხელისგულს და მობაილბანკის საშუალებით მას სასურველ ანგარიშს უკავშირებს. შემდგომი გადახდისას კი მიღებული მონაცემები რეგისტრირებულ შაბლონს შედარდება.

მონაცემების შენახვისა და დამუშავების არქიტექტურის, ანუ სისტემის მოწყობის, ან გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების სრულფასოვნად შესაფასებლად, ჯერჯერობით საკმარისი ტექნიკური ინფორმაცია არ არსებობს. ეს გარემოება დაუცველობას არ ადასტურებს, მაგრამ დამოუკიდებელი შეფასებისთვის არსებული საჯარო ინფორმაცია არასკმარისია.

კონტროლირებად გარემოში, მსგავსი ამოცნობის სისტემების მოტყუების პრეცედენტი არსებობს, თუმცა რეალურად ასეთი შემთხვევები აღწერილი არ არის.

  • არსებობს თუ არა კიბერუსაფრთხოებაში „აბსოლუტურად უსაფრთხო“ სისტემა და რამდენად შეიძლება კომფორტმა გადაწონოს რისკი?

კიბერუსაფრთხოებაში აბსოლუტური უსაფრთხოების ცნება არ არსებობს. უსაფრთხოების მართვა გულისხმობს რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, მათი განხორციელების ალბათობის შემცირებას, ინციდენტის დროულ აღმოჩენასა და შესაძლო ზიანის შეზღუდვას.

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ერთი, რომ ეს მონაცემები მეტად მგრძნობიარეა და თანაც ადამიანის ფიზიკური მახასიათებლის შეცვლა, მათი კომპრომეტაციის შემთხვავაში, შეუძლებელია. თუმცა, ბუნებრივია, საბანკო სისტემაში ციფრული შაბლონის გამოცვლა ან გაუქმება შესაძლებელი უნდა იყოს.

თანამედროვე მიდგომით, ბიომეტრიული ავტორიზაცია ალბათობას ეფუძვნება: დაშვების გადაწყვეტილება მიიღება მსგავსების დადგენილი ზღვრის საფუძველზე. შესაბამისად, შესაძლებელია როგორც ნამდვილი მომხმარებლის შეცდომით უარყოფა, ისე სხვა პირის შეცდომით ამოცნობა. ამოცნობის მაღალი სიზუსტე ამგვარ შემთხვევით რისკებს მინიმუმამდე დაჰყავს, თუმცა შემიზანმიმართული შეტევისადმი მდგრადობა ავტომატურად არ მიიღწევა. თავდამსხმელის სამიზნე შეიძლება გახდეს სენსორი, პროგრამული უზრუნველყოფა ან მონაცემების გადაცემის პროცესი.

ამიტომ შეფასება უნდა მოიცავდეს მთლიან სისტემას: როგორ დასტურდება მომხმარებლის ვინაობა რეგისტრაციისას, როგორ მოწმდება ტერმინალის ნამდვილობა, ვის აქვს მონაცემებზე წვდომა და როგორ ხდება საეჭვო მოქმედებების აღმოჩენა.

კომფორტისა და რისკის თანაფარდობის შესახებ მომხმარებლის გადაწყვეტილება ინფორმირებულ არჩევანს უნდა ეფუძნებოდეს. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რას ეთანხმება, როგორ შეუძლია მომსახურების შეწყვეტა და გადახდის რომელი ალტერნატიული საშუალებები რჩება მის განკარგულებაში.

  • ხომ არ შექმნის ეს ტექნოლოგია ჩვენი გადაადგილების, მაღაზიებში ვიზიტებისა და ფიზიკური ყოფნის კონტროლის შესაძლებლობას?

ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორ დამოუკიდებელ ამოცანად იყოფა: მონაცემების დაცვა არასანქცირებული წვდომისგან და მათი გამოყენების შეზღუდვა წინასწარ განსაზღვრული მიზნებით.

აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კონკრეტულ ადგილას შესრულებული ოპერაციის აღრიცხვა და ადამიანის გადაადგილების უწყვეტი მონიტორინგი. ხელისგულის წამკითხველთან შესრულებული გადახდა მომხმარებელს კონკრეტულ ადგილსა და დროს უკავშირებს, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ სისტემას მისი გადაადგილების უწყვეტად კონტროლი შეუძლია.

როგორც წესი, ამოცნობისთვის მომხმარებელმა ხელი განზრახ უნდა მიიტანოს წამკითხველთან ანუ, სისტემა, მაგალითად ჭკვიანი კამერებისგან განსხვავებით, ხელისგულის გამოსახულებებს პასიურად, ანუ მომხმარებლის აქტიური მოქმედების გარეშე ვერ აგროვებს. მითუმეტეს არარეალურია ხელისგულის სკანირების შედეგად თვალთვალის, გადაადგილების თრეკინგის ან მიყურადების სხვა ფორმის შესაძლებლობა. ამგვარი საშუალებები დღევანდელ "გასენსორებულ" სამყაროში არსებობს, თუმცა ის უფრო გაზიარებული მონაცემების ანალიტიკაზეა დამყარებული და არა ამგვარ გადახდის მეთოდებზე. თეორიულად კი, მონახულების ადგილების ან გადახდის წერტილების მიყურადება ბარათის და მითუმეტეს, ტელეფონის გამოყენებისასაცააშესაძლებელი.

თუმცა, ტექნიკურად დაცულ სისტემაშიც შეიძლება წარმოიშვას კონფიდენციალურობის პრობლემა თუ მონაცემების გამოყენების ფარგლები ბუნდოვანია. კონფიდენციალურობის რისკი იზრდება, თუ ბიომეტრიული იდენტიფიკატორი, ამ შემთხვევაში, ხელის გული დაუკავშირდება სხვადასხვა ობიექტში შესვლის ჩანაწერებს, შესყიდვების ისტორიას ან ლოიალობის პროგრამებს. ასეთი მონაცემების გაერთიანებამ შესაძლოა შესაძლებელი გახადოს პროფილირება, ანუ ადამიანის ჩვევების, ინტერესებისა და ქცევის შეფასება. ამიტომ, სერვისის მიმწოდებელმა მკაფიოდ უნდა განმარტოს, რა მონაცემებს აგროვებს, რა მიზნით ამუშავებს, ვის გადასცემს, რამდენ ხანს ინახავს და უკავშირებს თუ არა სხვა სისტემებს.

  • რამდენი ხანი დასჭირდება ქართულ ბაზარს, რომ ხელისგულით გადახდა ისეთივე ჩვეულებრივი გახდეს, როგორიც დღეს Face ID-ით ტელეფონის განბლოკვაა?

Face ID - სთან შედარება მომხმარებლის გამოცდილების თვალსაზრისით გასაგებია, თუმცა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ტექნიკური განსხვავებაც გასათვალისწინებელია.

Apple - ის განმარტებით, სახის ბიომეტრიული მონაცემები მოწყობილობაში ინახება და დაცულია პროცესორის იზოლირებული უსაფრთხოების კომპონენტით. ეს მონაცემები ჩვენს მოწყობილობას არ ტოვებს. ხელისგულით გადახდის ზოგიერთი სისტემა კი მონაცემებს ცენტრალურ ინფრასტრუქტურაში ამუშავებს. საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი სავარაუდოდ დაცული ინფრასტრუქტურის არსებობასაც გულისხმობს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ამ არქიტექტურის დასაზუსტებლად დამატებითი ტექნიკური ინფორმაციაა საჭირო.

ზოგადად, ახალი ტექნოლოგიის გავრცელების ტემპს განსაზღვრავს მომსახურების ხელმისაწვდომობა, მუშაობის საიმედოობა, მომხმარებლისთვის შექმნილი დამატებითი სარგებელი, მონაცემთა დაცვის შესახებ კომუნიკაციის ხარისხი და სხვა ფაქტორები. ნდობის ჩამოყალიბებას როგორც პრაქტიკული გამოცდილება, ისე უსაფრთხოების შესახებ მკაფიო და გადამოწმებადი ინფორმაცია სჭირდება.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აშშ-ში Amazon One - ის გამოცდილება. მიუხედავად ფართომასშტაბიანი დანერგვისა, კომპანიამ საცალო ობიექტებში მომსახურება 2026 წლის 3 ივნისს შეწყვიტა. საჯაროდ დასახელებული მიზეზი უსაფრთხოების დარღვევა არ ყოფილა და მიზეზად მომხმარებელთა მიერ სერვისის შეზღუდული ათვისება დაასახელა, რაც აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობა და მასშტაბური დანერგვა ხანგრძლივ კომერციულ წარმატებას ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ხელისგულით გადახდის დამკვიდრების ზუსტი ვადის პროგნოზირება ნაადრევია. მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად დაინახავს მომხმარებელი მის პრაქტიკულ უპირატესობას და რამდენად ენდობა მონაცემთა დაცვის მექანიზმებს.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული