მოსაზრება

როგორ არ დავემსგავსოთ დონ კიხოტს, AI და ცვლილებები

AI - ზე, ემოციურ ინტელექტზე და მათ გამოწვევებზე, ემოციური ინტელექტის ტრენერი და საგანმანათლებლო პროექტების ავტორი ნუცა ბახტაძე საუბრობს

როგორ არ დავემსგავსოთ დონ კიხოტს, AI და ცვლილებები

ქარის წისქვილები და სამი ინტელექტი, რომლებიც დღეს განსაკუთრებით გვჭირდება

ადამიანს ზოგჯერ ისეთი თავდაჯერებით შეუძლია რაღაცის მტკიცება, რომ გგონია, თავად იყო იქ, ყველაფერი ნახა და პასუხებიც ზუსტად იცის. მერე ეკითხები, საიდან იცის და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ ასე ფიქრობს. ალბათ ყველას გვქონია ასეთი შემთხვევა. და სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგჯერ თავადაც ვყოფილვართ ამ ადამიანის ადგილას. ბოლო დროს, როცა ხელოვნური ინტელექტის შესახებ კამათს ვაკვირდები, სულ ერთი ლიტერატურული პერსონაჟი მახსენდება, დონ კიხოტი.

თუ მისი ამბავი კარგად აღარ გახსოვთ, მოკლედ შეგახსენებთ.

დონ კიხოტი იმდენად იყო გატაცებული რაინდული ისტორიებით, რომ ერთ დღეს თავადაც გადაწყვიტა რაინდობა. ჩვეულებრივი სამიკიტნო ციხესიმაგრედ მიიჩნია, მის პატრონს რაინდად კურთხევა სთხოვა და იმდენად სერიოზულად მიიღო ყველაფერი, რომ პატრონიც თამაშში აჰყვა. წიგნიდან რაღაცები წაიკითხა, თითქოს ლოცულობდა, პანჩური ამოარტყა და რაინდად აკურთხა. დონ კიხოტისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მაგრამ ყველაზე ცნობილი ამბავი მაინც ქარის წისქვილებთან ბრძოლაა.

ერთ დღეს დონ კიხოტმა შორიდან ქარის წისქვილები დაინახა და გადაწყვიტა, რომ მის წინ უზარმაზარი გოლიათები იდგნენ, რომელთაც, ქარში მბრუნავი ფრთები ჰქონდათ. შეუტია, წისქვილის ფრთამ შუბი დაუმსხვრია და ცხენიანად მიწაზე დაანარცხა.

ამის შემდეგაც არ დაუშვა, რომ შეცდა. სჯეროდა, რომ ჯადოქარმა გოლიათები წისქვილებად გადააქცია.

ცოტა რომ დავფიქრდეთ, რამდენჯერ შეგვიცვლია ფაქტის შინაარსი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შეხედულების შეცვლა არ გვინდოდა?

დონ კიხოტზე შეიძლება გაგვეღიმოს, მაგრამ მისი ისტორია ძალიან ადამიანურია. ყველას გვაქვს გამოცდილება, რწმენები და წარმოდგენები, რომელის გავლენითაც სამყაროს ვუყურებთ.

შეიძლება ახალმა გარემომ შეგვაშინოს და წინასწარ გადავწყვიტოთ, რომ იქ არაფერი გამოგვივა. ასეთი რამ ტექნოლოგიებთან ურთიერთობაშიც ხდება.

დღეს ხელოვნურ ინტელექტზე ზოგს ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ხვალ დილით გაიღვიძებს და მისი პროფესია აღარ იარსებებს. ზოგი კი იმდენად აღფრთოვანებულია, მზად არის, ნებისმიერ პასუხს დაუფიქრებლად ენდოს.

ჩემი აზრით, ორივე შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა: რას ვეყრდნობით - ფაქტებს, საკუთარ გამოცდილებას თუ უბრალოდ ვარაუდებს?

რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეები რეალურია. დასაქმების ცვლილება, ინფორმაციის სანდოობა, პერსონალური მონაცემების დაცვა და ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.

მაგალითად, OECD-ის 2024 წლის კვლევითი მიმოხილვის მიხედვით, AI-ის მომხმარებელთა დაახლოებით 80% აღნიშნავდა, რომ ტექნოლოგიამ მათი სამუშაო შედეგები გააუმჯობესა. ამავე დროს, კვლევა ასახელებს დასაქმებასთან, სამუშაო დატვირთვასა და მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებსაც.

ანუ სურათი გაცილებით სხვაა, ვიდრე „AI ყველას ჩაგვანაცვლებს“ ან „AI ყველაფერს მოგვიგვარებს“.

მინდა სამ განსხვავებულ ინტელექტზე შევეხო.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ოცი წელი საკუთარი პროფესიის სწავლასა და განვითარებას მოანდომა. თავის საქმეში გამოცდილია, კოლეგები რჩევას ეკითხებიან, კარგად იცის, თავისი ძლიერი მხარე.

ერთ დღეს კი აღმოაჩენს, რომ სამუშაოს ნაწილი, რომლის შესრულებასაც ადრე საათები სჭირდებოდა, ხელოვნურ ინტელექტს რამდენიმე წუთში შეუძლია. პირველი რეაქცია შეიძლება იყოს აღფრთოვანება, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს სხვა კითხვებიც.

ამდენი წელი ტყუილად ვისწავლე?

ჩემი გამოცდილება აღარავის სჭირდება?

თუ ამას პროგრამა აკეთებს, მე რაღა უნდა ვაკეთო?

ემოციური ინტელექტის კუთხით, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი შეაშინო, პროფესიის დასრულულებით, უბრალოდ კითხვა დასვა, ჩემი საქმიანობის რომელი ნაწილი იცვლება? რაში დამეხმარება ტექნოლოგია? სად არის კიდევ საჭირო ჩემი გამოცდილება და  ადამიანებთან ურთიერთობა?

ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება სასიამოვნო ყოველთვის არ იყოს. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ახალი უნარების სწავლა გვჭირდება, მაგრამ უკვე ვიცით, რასთან გვაქვს საქმე.

ეს გაცილებით გამოსადეგია, ვიდრე გაურკვეველ საფრთხესთან ბრძოლა.

ახლა მეორე სიტუაცია წარმოვიდგინოთ.

კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ლოგიკურად ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში გამოიყენონ.

თანამშრომლებს ახალი პროგრამა წარუდგინეს, აჩვენეს მისი ფუნქციები და უთხრეს, ეს არის მომავალი, შეხვედრა დასრულდა.

თანამშრომლები კი ერთმანეთში იწყებენ საუბარს:

ეს იმიტომ შემოიტანეს, რომ ხალხი შეამცირონ?

თუ პროგრამა ყველაფერს გააკეთებს, ჩვენ რაღა საჭირო ვართ?

ხელმძღვანელს შეიძლება უკვირდეს, რატომ ხვდებიან ადამიანები ასეთ კარგ სიახლეს წინააღმდეგობით, მაგრამ თანამშრომლებს სრულიად სხვა ინფორმაცია სჭირდებათ.

მათ აინტერესებთ, რა შეიცვლება კონკრეტულად მათთვის.

აქ საჭიროა სოციალური ინტელექტი. სხვა ადამიანების მდგომარეობის, ინტერესების, ემოციებისა და რეაქციების გაგების უნარი.

ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვება არ არის. ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ კვლევებიც აჩვენებს, რომ თანამშრომლების ნდობა და ხარისხიანი კომუნიკაცია ცვლილებებისადმი მეტ გახსნილობას უკავშირდება.

სხვათა შორის, ორგანიზაციის რეპუტაციაც სწორედ ასეთ დროს მოწმდება.

როგორ გამოვიყენოთ AI ისე, რომ ჩვენი აზროვნება შაბლონური არ გახდეს?

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო უკიდურესობა.

ადამიანები, რომლებიც AI-ის გამოყენებაზე პრინციპულად უარს ამბობენ, და ადამიანები, რომლებიც უკვე თითქმის ყველაფერს ეკითხებიან.

მაგალითად, როცა რაიმე საკითხზე მოსაზრებას აყალიბებთ, სცადეთ ჯერ თავად ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოთ ხელოვნურ ინტელექტს.

სთხოვეთ, გაჩვენოთ თქვენი არგუმენტის სუსტი მხარეები, შემოგთავაზოთ განსხვავებული ხედვა და დაგისვათ ისეთი კითხვები, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ.

როცა ინფორმაციას მიიღებთ, გადაამოწმეთ პირველწყაროსთან.

და კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც პირადად მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია: როდესაც რაღაცის შესახებ კატეგორიული შეხედულება გაქვთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ფაქტი შეგაცვლევინებდათ აზრს ამაზე.

თუ პასუხია - არაფერი, შესაძლოა, უკვე საკუთარ სიმართლეს იცავთ და რეალობის აღიარება არ გინდათ.

რა გვჭირდება ყველაზე მეტად?

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კიდევ შეიცვლება. ზოგი პროფესია შეიცვლება, ახალი სამუშაოები გაჩნდება.

ამ ცვლილებებთან ერთად, უკვე შეგვიძლია ვიზრუნოთ იმაზე, რაც ჩვენს ხელშია.

ვისწავლოთ ახალი ინსტრუმენტების გამოყენება. კრიტიკული აზროვნება. უკეთ გავიცნოთ საკუთარი ემოციები. ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა და თანამშრომლობა მაშინაც, როცა ყველაფერზე არ ვეთანხმებით.

ამიტომ ჩემთვის ხელოვნური, ემოციური და სოციალური ინტელექტი სამი ერთმანეთისგან მოწყვეტილი თემა არ არის.

ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ემოციური ინტელექტი გვეხმარება, ამ ცვლილებების დროს არ დავიკარგოთ. სოციალური ინტელექტი კი გვჭირდება, რომ ცვლილებებთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობაც არ დაგვავიწყდეს.

და ისევ დონ კიხოტს რომ დავუბრუნდები რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა…

იქნებ ჩვენც, სანამ რაღაცას შევებრძოლებით, ჯერ გავარკვიოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

თორემ შეიძლება მთელი ენერგია მოვახმაროთ ბრძოლას გამარჯვებისთვის, რომლის დაწყებაც საერთოდ არ იყო საჭირო

 

სტატიაში გამოყენებული სანდო წყაროები:

 

 

დაკავშირებული