რატომ გაუფასურდა სარეკლამო გზავნილები?
რა შეიცვალა კომუნიკაციის სფეროში? Reputation.ge -ს დამფუძნებლის თათა დვალიშვილის მოსაზრება

თანამედროვე გლობალურ და ლოკალურ ბაზრებზე, მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად შეიცვალა. დღეს აუდიტორია უპირატესობას ანიჭებს იმას თუ რეალურად როგორ იქცევა ბრენდი, როგორია მისი რეპუტაცია. აღარ არის საკმარისი თუნდაც ეფექტური სლოგანები და ფრაზები. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ვერავის ვერაფერს გამოაპარებ.
PR - ის მოლოდინები და რეპუტაციული რეალობა
რეპუტაცია უნდა დაიმსახურო, მისი პირდაპირი ყიდვა შეუძლებელია. დამსახურება კი საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობით ხდება, თუმცა, ის არ უნდა იყოს ცივი, მექანიკური პროცესი. ნამდვილი რეპუტაცია მაშინ იბადება, როცა ადამიანებს არ ესაუბრები როგორც სამიზნე აუდიტორიას, კომუნიკაციის ტონი უნდა იყოს მეგობრული, ნიღბების გარეშე, რეალური ემოციების გაზიარებით. უფრო სწორად, სამიზნე აუდიტორია უნდა გყავდეს, მაგრამ ადამიანებმა არ უნდა იგრძნონ, რომ რაღაცის ,,მისაღებას“ ცდილობ ტრადიციული, გაცვეთილი ფრაზებით.
კორპორატიული რეპუტაცია, როგორც ბიზნესსტრატეგია
სარეკლამო ფრაზების გაუფასურების ფონზე, თანამედროვე მენეჯმენტის ცენტრში წამოიწია ნდობამ. კონკურენციაში გამარჯვებულია ის, ვისაც ადამიანები ენდობიან. ადამიანები კი ენდობიან პერსონებს ვიდრე ზოგად კორპორაციებს. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა მენეჯერებმა და დაპირებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ - ასე ყალიბდება ნდობა და შემდეგ რეპუტაცია.
თუმცა, ეს კაპიტალი ადვილად მოწყვლადია, სიფრთხილეა საჭირო. ერთმა პატარა კრიზისმა შესაძლოა წლობით ნაშენები ნდობა წამებში ჩამოანგრიოს, რასაც ვერანაირი მასშტაბური PR თუ მარკეტინგული კამპანია უშველის.
პერსონალური ბრენდინგი
ანონიმურობის ინსტიტუტი წარსულს ჩაბარდა. აქცენტი გადავიდა პერსონაზე. ადამიანები მოთხოვნებს და მოლოდინებს უყენებენ ადამიანებს და არა ბრენდის ლოგოებს. ამიტომ, ახალი ბიზნესის წამოწყება თუ არსებულის განვითარება წარმოუდგენელია საჯაროობის და საკუთარი იდენტობის მიზანმიმართული მართვის გარეშე. როცა ლიდერი ღიად აჩვენებს საკუთარ სახეს, პროფესიულ გზას, ღირებულებებს და ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, ბიზნესი კარგავს ხელოვნურობას და იძენს ადამიანურ ხასიათს.
ძლიერი პერსონალური ბრენდი ხდება კომპანიის მთავარი საყრდენი. ის იზიდავს როგორც ერთგულ მომხმარებლებს, ისე საუკეთესო პარტნიორებს და ნიჭიერ კადრებს, რადგან თანამედროვე ეკონომიკაში ადამიანებს სურთ საქმე ჰქონდეთ ადამიანებთან და არა ცივ ინსტრუმენტებთან.