ქართული ანბანი ადამიანის სილუეტებში
მხატვარ თამთა ელბაქიძის შემოქმედება, რომელიც ქართულ ასოებს სრულიად ახალ ვიზუალურ ფორმას აძლევს

ქართული ანბანი არაერთი ქართველი და უცხოელი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. ასოები გვხვდება კალიგრაფიაში, ფერწერაში, გრაფიკულ დიზაინსა და თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში. თუმცა, თამთა ელბაქიძემ ქართული ასოები სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახა
მის ნამუშევრებში ასოები ადამიანის სილუეტებად იქცევა. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი, ფორმა და ვიზუალური განწყობა აქვს
იდეა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მხატვრის წარმოსახვის ნაწილი იყო, დღეს უკვე მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და მცირე ბიზნესად იქცა
თამთა, ქართული ასოების ამ ფორმით დანახვა მართლაც ძალიან განსხვავებულია, საიდან გაჩნდა ეს იდეა?
ჩემთვის ქართული ასოები მხოლოდ ასოები არასდროს ყოფილა. ალბათ ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მათ ყოველთვის ცოცხალ არსებებად აღვიქვამდი
პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ და ალბათ ამანაც იქონია გავლენა ჩემს ხედვაზე. ხშირად წარმოვიდგენდი, ესა თუ ის ასო ადამიანი რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა. რა ხასიათი ექნებოდა, როგორ იდგებოდა, რა ფორმის ტანსაცმელი მოუხდებოდა
ჩემს წარმოსახვაში თითოეულ ქართულ ასოს საკუთარი სტილი ჰქონდა. ზოგი უფრო ნაზი და დახვეწილი იყო, ზოგი ძლიერი, ზოგიც ექსტრავაგანტული. დროთა განმავლობაში ეს წარმოდგენა იმდენად ბუნებრივი გახდა ჩემთვის, რომ ერთ დღეს უბრალოდ გადავწყვიტე სამხატვრო ქაღალდზე გადამეტანა.
ალბათ, იდეა სწორედ იქიდან მოვიდა, რომ ქართულ ანბანს ყოველთვის ადამიანური ხასიათი მივანიჭე

როდესაც პირველად დახატეთ ასო ადამიანის სილუეტში, მაშინვე მიხვდით, რომ ამ იდეას გაგრძელება ექნებოდა?
სიმართლე გითხრათ, არა. თავიდან ეს უბრალოდ ერთი ექსპერიმენტი იყო
სოციალურ ქსელებში ჩემი გვერდი მაქვს, სადაც სხვადასხვა ნამუშევარს ვაქვეყნებდი. მანამდე ძირითადად „თილიებს“ ვხატავდი. ისინი ჩემი გამოგონილი ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები არიან, ფრთიანი არსებები, რომლებიც სიკეთესა და სითბოსთან ასოცირდებიან
ერთ დღეს ქართული ასოს ნამუშევარი გამოვაქვეყნე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანებმა დაიწყეს წერა, კითხვების დასმა, აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული ასოს ან ინიციალის დახატვა
მაშინ მივხვდი, რომ ეს იდეა მხოლოდ ჩემთვის არ იყო საინტერესო
თავიდან ერთი ასო იყო, შემდეგ ინიციალებზე გადავედი, მოგვიანებით კი ადამიანებმა საკუთარი სახელების დახატვა მთხოვეს. ასე განვითარდა ეს მიმართულება სრულიად ბუნებრივად

Facebook ზე თამთას გვერდის მისამართი: https://www.facebook.com/profile.php?id=100063593205783
როდის მიხვდით, რომ შემოქმედება უკვე შეიძლება მცირე ბიზნესადაც გექციათ?
ალბათ მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ადამიანები ჩემს ნახატებში საკუთარ თავსა და მათთვის ძვირფას ადამიანებს ხედავდნენ
თავიდან მხოლოდ ვხატავდი. ბიზნესზე საერთოდ არ ვფიქრობდი. თუმცა, როდესაც ერთსა და იმავე კითხვას ხშირად გისვამენ - , „ჩემს სახელსაც დამიხატავ?“„ჩემი შვილის ინიციალები შეიძლება?“, „ეს ნახატი საჩუქრად მინდა" - ხვდები, რომ შენი შემოქმედების მიმართ რეალური მოთხოვნა არსებობს
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს ყველაფერი მხოლოდ კომერციულ პროცესად არ ქცეულიყო. როდესაც კონკრეტულ სახელს ვხატავ, უბრალოდ ასოებს არ ვაერთებ. ვფიქრობ კომპოზიციაზე, მოძრაობაზე, იმაზე, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ნამუშევარს
ამიტომ, ჩემთვის ეს დღესაც პირველ რიგში შემოქმედებაა და შემდეგ ბიზნესი
თქვენი ნამუშევრები ხშირად საჩუქრად იყიდება. თქვენი აზრით, რატომ მოსწონთ ადამიანებს სახელის ან ინიციალების პერსონალური ნახატები?
ალბათ იმიტომ, რომ პერსონალური ნივთი ყოველთვის განსხვავებულ ემოციას იწვევს
როდესაც ადამიანს უბრალოდ ნახატს ჩუქნი, ის შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს. მაგრამ როდესაც ნამუშევარში მისი სახელი ან ინიციალებია, მას უკვე პირადი კავშირი აქვს ამ ნივთთან
ხშირად მიკვეთავენ ნახატებს დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის, ბავშვის დაბადების აღსანიშნავად ან უბრალოდ საყვარელი ადამიანისთვის
ზოგჯერ თავად დამკვეთებიც მიყვებიან, ვის ჩუქნიან და რატომ. ასეთ დროს ჩემთვის ნამუშევარი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, რადგან ვიცი, რომ ის კონკრეტულ ემოციასთან და ისტორიასთან იქნება დაკავშირებული
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პერსონალური ხელოვნების მთავარი ღირებულება, ის მხოლოდ დეკორი აღარ არის. მას კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი ისტორია აქვს

რატომ ხატავთ ქართულ ასოებს ძირითადად ქალის სილუეტებში?
ამ კითხვას ხშირად მისვამენ და სიმართლე რომ ვთქვა, მამაკაცები ხუმრობით წყენასაც გამოხატავენ
ზუსტი და ლოგიკური პასუხი ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, ჩემს წარმოსახვაში ქართული ასოები ამ ეტაპზე ქალები არიან
ვფიქრობ, ამას გარკვეულწილად ჩემი, როგორც დიზაინერის ხედვაც განსაზღვრავს. ქალის სილუეტში უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავ მოძრაობის, ფორმის, სამოსისა და დეტალების თვალსაზრისით
მიცდია მამაკაცის სილუეტებშიც მუშაობა, მაგრამ შედეგი ისე არ მომეწონა, როგორც წარმომედგინა
თუმცა, შემოქმედებაში არასდროს უნდა თქვა არასოდეს. შეიძლება ერთ დღეს ქართული ასოები მამაკაცის სილუეტებშიც დავინახო. ამ ეტაპზე კი ისინი ჩემს წარმოსახვაში ქალები არიან და სწორედ ასე ვაგრძელებ.
რამდენად რთულია ქართული ასოსა და ადამიანის სილუეტის ისე გაერთიანება, რომ ორივე მკაფიოდ იკითხებოდეს?
საკმაოდ რთულია
სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილიც. ნამუშევარში აუცილებელია, რომ ასო არ დაიკარგოს და ამავე დროს სილუეტი ბუნებრივი იყოს
ზოგი ასო შედარებით მარტივად ერწყმის ადამიანის ფორმას, ზოგზე კი ბევრად მეტი მუშაობაა საჭირო. ზოგჯერ თავიდან სულ სხვა კომპოზიციას ვგეგმავ, მაგრამ მუშაობის პროცესში ვხვდები, რომ ასოს ხასიათი სხვა მიმართულებას მთხოვს.
არის შემთხვევები, როდესაც ერთ ნამუშევარზე რამდენჯერმე თავიდან დაწყება მიწევს
ამ პროცესში ალბათ ყველაზე რთული ის არის, რომ ასო და ადამიანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფორმები აღარ უნდა იყვნენ. ისინი ერთ მთლიანობად უნდა აღიქმებოდეს

თქვენი პროფესია ტანსაცმლის დიზაინია. რამდენად იგრძნობა ეს გამოცდილება თქვენს დღევანდელ შემოქმედებაში?
ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ტანსაცმლის დიზაინმა მასწავლა ფორმის, სილუეტის, მოძრაობისა და პროპორციების დანახვა. როდესაც ქართულ ასოს ვხატავ, ხშირად მას სწორედ ისე ვუყურებ, როგორც ადამიანს, რომელსაც საკუთარი ვიზუალური იდენტობა აქვს
ზოგჯერ ჯერ ასოს ფორმას ვხედავ და შემდეგ ვწყვეტ, როგორი ადამიანი შეიძლება იყოს. ზოგჯერ კი პირიქით ხდება, თავიდან წარმომიდგენია პერსონაჟი და შემდეგ ვეძებ გზას, როგორ შეიძლება მასში კონკრეტული ასო გამოჩნდეს
ვფიქრობ, სწორედ დიზაინმა მომცა ის ხედვა, რომელიც ამ ორი სრულიად განსხვავებული ფორმის გაერთიანებაში მეხმარება
თქვენი შემოქმედება ძალიან განსხვავებული და ადვილად დასამახსოვრებელია. რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის საკუთარი ხელწერის პოვნა?
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხელწერის ძებნა ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს
თუ თავიდანვე მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ შექმნა რაღაც ისეთი, რაც სხვას არ გაუკეთებია, შეიძლება საკუთარ თავსაც კი დააკარგვინო ბუნებრიობა
ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა. მე უბრალოდ დავხატე ის, რასაც ვხედავდი
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აკეთო ის, რაც შენგან მოდის. რაღაც, რასაც სხვისი წარმატების გამეორების მიზნით არ ქმნი
როდესაც შენი ხედვა ნამდვილია, ადრე თუ გვიან ის შენს ხელწერად იქცევა
როდესაც თქვენს ნამუშევრებს ადამიანები ირჩევენ, როგორ ფიქრობთ, რას ყიდულობენ ისინი, ნახატს თუ იმ იდეას, რომელიც მის უკან დგას?
ალბათ ორივეს.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადამიანს ვიზუალურად უნდა მოეწონოს ნამუშევარი, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ის იდეაც ძალიან მნიშვნელოვანია
ადამიანს მოსწონს აზრი, რომ მისი სახელი შეიძლება ხელოვნების ნაწილად იქცეს. რომ ასოები, რომლებსაც ყოველდღე მხოლოდ წერაში ვიყენებთ, სრულიად განსხვავებული ფორმით დაინახოს
ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები წერენ, რომ ქართული ასოები ასე არასდროს დაუნახავთ
ეს ნიშნავს, რომ მათთვის რაღაც ნაცნობი ახალი თვალით დავანახე. ალბათ, სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

და ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი იდეის ბიზნესად ქცევა სურთ, მაგრამ ჯერ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?
ვეტყოდი, რომ იდეას თავიდანვე სრულყოფილი ფორმა არ უნდა მისცენ.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ერთი ნახატით დაიწყო. არ მქონია ბიზნესგეგმა და არც ის ვიცოდი, სადამდე მივიდოდა ეს მიმართულება
უბრალოდ გავაკეთე ის, რაც მაინტერესებდა და გავუზიარე ადამიანებს
ზოგჯერ პირველი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომ შენი ნამუშევარი, იდეა ან პროდუქტი არ დაიტოვო მხოლოდ შენთვის
მნიშვნელოვანია, მოუსმინო ადამიანების რეაქციას, მაგრამ ამასთანავე არ დაკარგო საკუთარი ხედვა
ყველაზე ხშირად გზა მუშაობის პროცესში ჩნდება და არა მანამდე


