საბაჟო საქმე აჭარაში მხოლოდ კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქში“ ისწავლება
როგორ აქცია სასწავლებელმა უნიკალური ნიშა თავის სავიზიტო ბარათად - ინტერვიუ კოლეჯ „ნიუ მეჯიქის“ ხელმძღვანელ ლევან ტაკიძესთან

2023 წლის ბოლოს კოლეჯმა 6-წლიანი ავტორიზაცია მოიპოვა. რა მთავარი გამოწვევები გაიარეთ ამ ეტაპამდე და რა ახალ პასუხისმგებლობებსა თუ შესაძლებლობებს აჩენს ეს სტატუსი თქვენთვის?
6 წლიანი ავტორიზაციის მოპოვება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯი იყო, რომელსაც წინ უძღოდა შიდა პროცესების სრულყოფისა და ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერების რთული, თუმცა ძალიან პროდუქტიული ეტაპი. მთავარი გამოწვევა იყო მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო სტანდარტებთან ფეხის აწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.
ეს სტატუსი ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა - შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ნდობა. პარალელურად, არსებული გარემო უზარმაზარ შესაძლებლობებს გვაძლევს. „ნიუ მეჯიქი“ პოზიციონირებს, როგორც მაღალი სანდოობის რეგიონული მრავალპროფილური კოლეჯი, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ მოთხოვნად, არამედ ბაზარზე დეფიციტურ პროფესიებზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობები. აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან უცხოურ ინსტიტუციებთან, როგორიცაა ყაზახეთის Ablai Khan University, პოლონეთის ედვარდ ლიპინსკის სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა აკადემია, შვეიცარიის SIERG (ELART) და შვეიცარიული ევროპული აკადემია. ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, ჩაერთონ ერასმუსისა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. კოლეჯი მუდმივად ღიაა ინოვაციური წინადადებებისა და პარტნიორობისთვის, რათა ერთობლივად ვუპასუხოთ შრომის ბაზრის გამოწვევებს.
პროგრამები და შრომის ბაზარი
თქვენს პორტფელშია ისეთი მოთხოვნადი მიმართულებები, როგორებიცაა საექთნო განათლება, ფარმაცია, აღმზრდელი, საბაჟო საქმე და ბუღალტერია. რამ განაპირობა ამ კონკრეტული პროგრამების შერჩევა და რამდენად უზრუნველყოფს კოლეჯი სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებასა და დასაქმებას?
პროგრამების შერჩევა ეფუძნება შრომის ბაზრის კვლევასა და რეგიონის რეალურ საჭიროებებს, ჩვენთან არსებული პროფესიული პროგრამებიდან: ბუღალტერია, საექთნო განათლება, აღმზრდელი და ბუღალტერია ბაზრის კვლევის მიხედვით ტოპ 10 პროფესიულ პროგრამებშია შესული, ხოლო რაც შეეხება საბაჟო საქმეს, მინდა გითხრათ რომ ეს პროგრამა აჭარის რეგიონში მხოლოდ ,,ნიუ მეჯიქში" შეისწავლება. ყველა აღნიშნული პროგრამა პროფესიული განათლების უმაღლესი მე-5 დონისაა.
,,დღეს ქვეყანასა და რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების დეფიციტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ფარმაცია თუ ბიზნესოპერირება. ჩვენი მიზანიც სწორედ ბაზრისთვის ამ საჭიროების შევსებაა"- ლევან ტაკიძე
რაც მთავარია, სწავლება სრულად არის ორიენტირებული პრაქტიკაზე და მიმდინარეობს რეალურ სამუშაო გარემოში. ვთანამშრომლობთ აჭარისა და ქვეყნის მასშტაბით წამყვან კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან - მსხვილ სამედიცინო და ქსელურ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ასევე ბიზნეს ოპერატორებთან, სადაც ჩვენი პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ გარემოში ცდიან შესაძლებლობებს. შედეგად, პროფესიული სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლის პერიოდშივე საქმდება. კოლეჯი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს დამსაქმებლის თვალში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის მათ.
რეგიონული განვითარება (აჭარა)
მისიის მიხედვით, თქვენი მიზანია აჭარის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. როგორ გეგმავთ ადგილობრივ ბიზნესსა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობას, რათა სწავლება მაქსიმალურად იყოს მორგებული რეგიონის საჭიროებებზე?
აჭარის რეგიონს აქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური და გეოგრაფიული სპეციფიკა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა - „საბაჟო საქმე“, რომელიც აჭარაში ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან ისწავლება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის, აეროპორტისა და ბათუმის პორტის არსებობა ამ მიმართულების კადრებზე მუდმივ და მაღალ მოთხოვნას აჩენს. ადგილობრივ ბიზნესთან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ პრაქტიკების დონეზე, არამედ მუდმივი დიალოგის ფორმატით. დამსაქმებლები ჩართულნი არიან სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაში. ზუსტად ვიცით ბაზრის პულსი და ჩვენი პროგრამებით ვცდილობთ, რეგიონს ზუსტად ისეთი პროფესიონალები შევთავაზოთ, რომლებზეც დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება ეტაპობრივად იცვლება. თქვენი ღირებულებებიდან (გამჭვირვალობა, განვითარება, თანამშრომლობა) გამომდინარე, რას სთავაზობთ აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში ინვესტირება მათთვის მიმზიდველი გახდეს?
,,ნიუ მეჯიქში“ გვჯერა სლოგანის: „ახალი უნარები-ახალი შესაძლებლობები“. იმისათვის, რომ პროფესიული განათლება კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ, საზოგადოებას ვთავაზობთ:
მოკლე დროში დასაქმების რეალურ პერსპექტივას
საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებას საზღვარგარეთ
სახელმწიფო დიპლომს, რომელიც მყარი გარანტიაა დასაქმებისათვის
ჩვენი საქმიანობა ემყარება კანონმდებლობას, მაღალ სტანდარტებსა და გამჭვირვალობას. ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტი, თანამშრომელი და პარტნიორი გრძნობს, რომ მათი ინტერესი პრიორიტეტია. პროფესიული განათლება დღეს არის ყველაზე სწორი დამოუკიდებელი გზა წარმატებისკენ.

