პროექტები

ახალი აპლიკაცია Aron სპეციალური საჭიროების მქონე პატარებს ეხმარება

როგორ ცვლის ინოვაციური ქართული აპლიკაცია Aron ათასობით ოჯახის ყოველდღიურობას

ახალი აპლიკაცია Aron სპეციალური საჭიროების მქონე პატარებს ეხმარება

როდესაც ბავშვს სამყაროსთან საკუთარი ემოციებისა და სურვილების გაზიარება უჭირს, ოჯახი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგება. მშობლიურ ენაზე მორგებული ალტერნატიული კომუნიკაციის ხელსაწყოების არარსებობა არავერბალურ პატარებს კიდევ უფრო მეტად ტოვებდა იზოლაციაში

სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად ნეიროგანვითარების სპეციალისტებმა და ტექნოლოგიურმა გუნდმა შექმნეს ინოვაციური ქართულენოვანი აპლიკაცია Aron, რომელიც კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებს საკუთარ ხმას უბრუნებს.

გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის ერთ-ერთ ავტორთან, ნეიროგანვითარების ცენტრის ,,ფენიქსი” თანადამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან ქეთევან შარაშიძესთან

  •  როგორ დაიბადა Aron-ის შექმნის იდეა და რა კონკრეტულმა გამოცდილებამ დაგანახათ, რომ ქართულენოვანი აპლიკაცია აუცილებელი იყო?

 იდეა ჩვენი გუნდის წევრების რეალური და პირადი გამოცდილებიდან წამოვიდა. გარდამტეხი ბიძგი ჩემი ისტორია აღმოჩნდა. როდესაც ჩემს შვილს აუტისტური სპექტრი დაუდგინდა, ლუკას კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონდა, აღმოაჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე არარსებობდა არცერთი კომფორტული, ქართულ ენაზე მორგებული ალტერნატიული კომუნიკაციის აპლიკაცია

მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ხელსაწყოს არარსებობის გამო, ბავშვები იზოლაციაში რჩებოდნენ. ეს სიცარიელე ძალიან მწვავედ ვიგრძენი. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, რომ ის სტრესი და გაურკვევლობა, რასაც მეტყველების შეფერხება იწვევს, მაქსიმალურად შეგვემცირებინა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის

არონი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ბავშვს მივცეთ საკუთარი ხმა

  • სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებდით, რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ეს ოჯახები ყოველდღიურად აწყდებოდნენ?

ყველაზე დიდი სირთულე მუდმივი ფრუსტრაცია და გამოცნობის თამაში იყო. წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც სრულფასოვნად აღიქვამთ სამყაროს, გაქვთ სურვილები, მაგრამ არ გაქვთ ამის გადმოცემის ინსტრუმენტი

ეს ბარიერი რამდენიმე უმძიმეს პრობლემას ქმნიდა. პირველია ქცევა, როგორც კომუნიკაცია. როდესაც ბავშვი ვერ ამბობს, რომ სწყურია ან ხმაური აწუხებს, მისი ერთადერთი გამოსავალი ტირილი და ტანტრუმია

მშობელს მუდმივად გამოცნობა უწევს, რაც ემოციურად დამღლელია. ამას ემატებოდა სოციალური იზოლაცია, რადგან კომუნიკაციის გარეშე ბავშვებს უჭირდათ თანატოლებთან თამაში და ბაღსა თუ სკოლაში ადაპტაცია

უცხოური აპლიკაციების გამოყენებას ენობრივი ბარიერი უშლიდა ხელს, ხოლო ქაღალდის ბარათებით კომუნიკაცია არაპრაქტიკულია, ხმა არ აქვს და ბავშვისთვის ნაკლებად მიმზიდველია

  • როგორ შეარჩიეთ აპლიკაციის სახელი და რა მნიშვნელობა დგას მის უკან?

 ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, როდესაც მოსეს უდიდესი მისია დაეკისრა, ის სერიოზულ ბარიერს წააწყდა, რადგან მეტყველების პრობლემა ჰქონდა, იყო ბაგემძიმე და ენამძიმე. მას ჰქონდა იდეები და სათქმელი, თუმცა უჭირდა ამის სხვებისთვის გაზიარება

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში მის გვერდით დადგა მისი ძმა, აარონი. ის გახდა მოსეს ხმა გარესამყაროსთან ურთიერთობაში, აჟღერებდა და ხალხამდე მიჰქონდა მის სათქმელს. ჩვენც გვსურს, რომ ჩვენი აპლიკაცია გახდეს სწორედ ის თანამედროვე, ციფრული მეგზური, რომელიც დაეხმარება ბავშვს აზრების გაჟღერებაში და გახდება საიმედო ხიდი შვილსა და მშობლებს შორის

  • ვინ დგას Aron-ის შექმნის უკან და როგორ გაერთიანდა ერთ პროექტში ნეიროგანვითარების ცენტრებისა და ტექნოლოგიური კომპანიის გამოცდილება?

მშობლებისთვის უმთავრესი კრიტერიუმი სანდოობაა. არონი არის აპლიკაცია, რომელიც გამოცდილია და მოწონებულია წამყვანი ფსიქოლოგებისა და ნეიროგანვითარების სპეციალისტების მიერ

მის შექმნაზე სამმა ორგანიზაციამ იზრუნა. პირველია ნეიროგანვითარების ცენტრი ფენიქსი, რომელიც აქტიურად მუშაობს ბავშვებთან მეტყველებისა და ქცევის მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში. მეორეა ფსიქოლოგიური ცენტრი ჰელიოსი, რომელმაც საქართველოში ინოვაციური ავსტრიული მიდგომა დანერგა, სადაც ბავშვები ჯგუფურ გარემოში ინდივიდუალურ მიზნებზე მუშაობენ, რაც მათ მოტივაციას ზრდის. მესამე კი ტექნოლოგიური კომპანია Elix Labs გახლავთ, რომელიც დამხმარე საკომუნიკაციო ინსტრუმენტების შექმნაზეა ორიენტირებული

სპეციალისტების ცოდნისა და უახლესი ტექნოლოგიების ეს სინთეზი არის გარანტი იმისა, რომ აპლიკაცია ზუსტად პასუხობს ქართულენოვანი ბავშვების საჭიროებებს

  • როგორ მუშაობს Aron პრაქტიკაში და რა გზას გადის ბავშვი სიტყვიდან წინადადების გახმოვანებამდე?

მუშაობის პრინციპი მაქსიმალურად მარტივია. პირველი ეტაპია ვიზუალური ორიენტაცია, სადაც აპლიკაციის გახსნისთანავე ეკრანზე ჩნდება ყოველდღიურობაზე მორგებული თემატური კატეგორიები, როგორიცაა საჭმელი, ემოციები ან გადაუდებელი საჭიროებები. თითოეული კატეგორია წარმოდგენილია მკაფიო ილუსტრაციით

შემდეგ მოდის წინადადების აწყობა, ბავშვი თითის მარტივი დაჭერით ირჩევს სასურველ სიტყვებს. მაგალითად, ჯერ აჭერს ღილაკს მე მინდა, შემდეგ კი ირჩევს წყალს. არჩეული სიმბოლოები ეკრანის ზედა ნაწილში თანმიმდევრობით ლაგდება

 აქ ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც სავარაუდო სიტყვებს კარნახობს ბავშვს. ბოლო ეტაპია გახმოვანება, როდესაც აპლიკაცია წინადადებას გამართულად წარმოთქვამს ქართულ ენაზე

ძალიან ეფექტურია სრული პერსონალიზაციის ფუნქციაც. მშობელს შეუძლია სტანდარტული ნახატების ნაცვლად ბავშვის ნაცნობი ნივთების, მაგალითად საკუთარი ჭიქის ფოტოები გადაიღოს და აპლიკაციაში დაამატოს. როდესაც ბავშვი ხედავს სურათს, აჭერს მას და ესმის სწორი ქართული სიტყვა, ის არა მხოლოდ კომუნიკაციას ამყარებს, არამედ სწავლობს სიტყვის მნიშვნელობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის ბუნებრივ ამეტყველებასაც უწყობს ხელს

  • რა კატეგორიის მეტყველების ან კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის შეიძლება იყოს აპლიკაცია ყველაზე სასარგებლო?

 აპლიკაციის პრაქტიკული გამოყენება საკმაოდ ფართოა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც ვიზუალური კომუნიკაცია სამყაროსთან დაკავშირების ყველაზე ნაკლებად სტრესული გზაა. ასევე მეტყველების შეფერხების მქონე პატარებისთვის, რომლებსაც კარგად ესმით გარემო, აქვთ სათქმელი, მაგრამ უჭირთ ბგერების არტიკულაცია

აპლიკაცია მორგებულია მოტორული სირთულეების, მაგალითად ცერემბრული დამბლის მქონე ბავშვებზეც. დიდი და კონტრასტული ღილაკების გარდა, მათ ვთავაზობთ სახის მოძრაობით მართვის უნიკალურ შესაძლებლობას. ბავშვს შეუძლია მზერით აკონტროლოს ღილაკები და შეხების გარეშე ააწყოს წინადადებები

  • არის თუ არა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი, რომლისთვისაც აპლიკაცია განსაკუთრებით ეფექტიანია?

ადრეული ჩარევის პერიოდი ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, ამიტომ აპლიკაცია განსაკუთრებით ეფექტიანი 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა, როცა ტვინი ყველაზე პლასტიკურია. თუმცა არონს არ აქვს ზედა ასაკობრივი ზღვარი. ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ საჭიროებებზე და არა ბიოლოგიურ ასაკზე. თუ მოზარდს ან ზრდასრულ ადამიანს აქვს ვერბალური კომუნიკაციის ბარიერი, ეს აპლიკაცია მისთვისაც სასიცოცხლო ინსტრუმენტი იქნება ყოველდღიური სურვილების გამოსახატად

  • შეუძლია თუ არა Aron-ს დაეხმაროს ბავშვს, რომელსაც საერთოდ არ აქვს განვითარებული ვერბალური მეტყველება?

დიახ, ეს მისი უმთავრესი დანიშნულებაა. როდესაც ბავშვს ფიზიკურად არ შეუძლია სიტყვების წარმოთქმა, ეს სისტემა ხდება მისი სრულფასოვანი ხმა. პრაქტიკაში ბავშვი ჯერ იაზრებს კომუნიკაციის არსს, ხვდება, რომ ეკრანზე დაჭერით შეუძლია გარემოზე ზემოქმედება და საკუთარი სურვილის შესრულება

ეს მყისვე ამცირებს ფრუსტრაციას და ტანტრუმებს, რადგან ბავშვი მშვიდდება, როცა ხედავს, რომ ტირილის გარეშეც უგებენ. მარტივი ილუსტრაციები მათთვის გასაგებ უნივერსალურ ენას ქმნის, ხოლო სწორი ქართული სიტყვის მუდმივი აუდიო სტიმულაცია პასიურ ლექსიკონს ამდიდრებს და ბუნებრივი ბგერების წამოწყებასაც ახალისებს

  • რა რეაქცია მიიღეთ პირველი მომხმარებლებისგან და რომელი გამოხმაურება იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური?

მშობლებისგან მიღებული უკუკავშირი ჩვენი მთავარი მოტივაციაა. ყველა აღნიშნავს, როგორ შემცირდა ყოველდღიური შფოთვა მათ ცხოვრებაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ერთი დედის მონაწერი, რომელმაც გაგვიზიარა, რომ ბავშვმა გაღვიძებისთანავე მიუტანა პლანშეტი და აპლიკაციის საშუალებით თავად უთხრა, რომ საუზმეზე ფაფა უნდოდა. ადრე ეს პროცესი ყოველთვის ჩხუბითა და სტრესით სრულდებოდა, ახლა კი კომუნიკაცია სრულიად მშვიდად შედგა

  • თუ ერთი წინადადებით უნდა აგეხსნათ, რას ცვლის აპლიკაცია ოჯახების ცხოვრებაში, რას იტყოდით?

არონთან ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, რაც ოჯახში მუდმივ სტრესსა და გაუგებრობას, სიმშვიდითა და ჰარმონიული ურთიერთობით ანაცვლებს.

თათა დვალიშვილი