ქართულმა სტარტაპმა Janux-მა GITA-ს 25 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა
ინოვაციური პლატფორმა ბუღალტრებსა და აუდიტორებს კლიენტების შემოწმების დამღლელი პროცესის ავტომატიზაციას სთავაზობს

წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ახალი კლიენტის მიღებისას 30 საათს მხოლოდ საბუთების ქაოტურ შემოწმებაში, Excel-ის ცხრილებსა და სხვადასხვა რეესტრის სქრინების ძებნაში კარგავთ. ეს ბუღალტრების და აუდიტორების თავის ტკივილია, რომლებსაც კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის პროცედურების (AML/CFT) მკაცრ დაცვას ავალდებულებს. შეცდომის ფასი აქ ძალიან მაღალია, დაწყებული სოლიდური ჯარიმებიდან, ლიცენზიის შეჩერებით დასრულებული.
ზუსტად ამ პრობლემის მოგვარება იტვირთა ახალმა ქართულმა სტარტაპმა Janux (იანუქსმა), რომელმაც იდეის ვალიდაციის შემდეგ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. პროექტი იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ მან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საგრანტო პროგრამის 25,000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.
რა არის Janux და როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი
Janux არის ინოვაციური სამუშაო სივრცე, რომელიც კლიენტის შემოწმების სრულ ციკლს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. ბაზარზე არსებული კომპანიების უმეტესობა ამ პროცესს დღესაც ხელით ასრულებს. Janux-ის შემთხვევაში კი მომხმარებელს მხოლოდ კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეჰყავს. სისტემა თავად აგროვებს ინფორმაციას, ადგენს მფლობელობის სტრუქტურას, ამოწმებს პირებს, ხომ არ არიან საერთაშორისო სანქციების თუ სხვა სტატუსების სიებში, ითვლის რისკის დონეს და ავტომატურად ამზადებს მარეგულირებლისთვის საჭირო დოკუმენტს.
სტარტაპის მიზანია, რომ პირველადი ინფორმაცია მოსალოდნელი რისკის შესახებ, მომხმარებელმა სულ რაღაც 30 წამში მიიღოს, ხოლო წარსადგენად სრულად გამზადებული ფაილი დაახლოებით ორ საათში ჩაიბაროს.
გუნდი, რომელმაც პრობლემა შიგნიდან დაინახა
სტარტაპის დამფუძნებლები არიან თორნიკე ეგიაზაროვი (CEO) და ნოდარ ჯმუხაძე (CTO). იდეა გარედან არ მოსულა. თორნიკე უკვე 10 წელზე მეტია საგადასახადო, აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში მუშაობს და თავად ხელმძღვანელობს კომპანია Rovi-ს, რომელიც ზუსტად ამავე რეგულაციების ქვეშ ექცევა. ნოდარს კი ტექნოლოგიურ ლიდერობაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს და დღეს აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის, LLM და OCR მიმართულებებით.
პლატფორმის შექმნის პროცესში ჩართულები არიან იურიდიული და AML კომპლაენსის სპეციალისტებიც, რათა სისტემაში შესული ყოველი რეგულატორული მოთხოვნა ზუსტად იყოს გადამოწმებული.
როდის იგეგმება გაშვება და როგორ მივიღოთ პლატფორმა უფასოდ?
Janux-ის ოფიციალური გაშვება 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. სტარტაპის მთავარი ნიშანი არის ასო X, რომელიც ერთმანეთისკენ მიმართულ ორ პროფილს გამოსახავს. ეს სიმბოლო პირდაპირ კავშირშია რომაულ ღმერთ იანუსთან, რომელიც ზღურბლის, წარსულისა და მომავლის მფარველი იყო. ყოველი ახალი კლიენტი ხომ ბიზნესისთვის ახალი ზღურბლია.
ტექნოლოგიური სიახლეებით დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ ეწვიონ ვებსაიტს www.janux.ge და დააფიქსირონ წინასწარი განაცხადი. ისინი, ვინც რეგისტრაციას ამ ეტაპზე გაივლიან, პლატფორმას პირველები მიიღებენ და მის შესაძლებლობებს სრულიად უფასოდ გამოსცდიან.


