როგორ გადაარჩენს „ZARI“ უპასუხო ზარებს და ბიზნესის რეპუტაციას
რატომ აზიანებს გამოტოვებული ზარი ბრენდს იმაზე მეტად, ვიდრე „რობოტთან“ საუბარი და როგორ აქცია ქართულმა სტარტაპმა ტექნოლოგიური გამოწვევა გლობალურ პერსპექტივად

ქართულ ბიზნესში დღეს გარდამტეხი მომენტი დგას. მომხმარებელთა მომსახურების ტრადიციული მოდელები სულ უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება, გამოტოვებული და უპასუხოდ დატოვებული ზარები კი კომპანიების იმიჯსა და რეპუტაციას ყოველდღიურად სერიოზულ დარტყმას აყენებს.
ამ ფონზე, ინოვაციური ქართული სტარტაპი ZARI ბაზარს რევოლუციურ და ეკონომიურ გადაწყვეტას სთავაზობს - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხმოვან აგენტებს, რომლებიც ადამიანისგან თითქმის არ გამოირჩევიან.
როგორ მუშაობს ტექნოლოგია რეალობაში, ZARI - ს თანადამფუძნებელი და ტექნიკური ლიდერი, ირინა ენდელაძე ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრება
თქვენს გაყიდვებს ისევ თქვენივე ხელოვნური ინტელექტი უძღვება და საინტერესოა, როგორ რეაგირებენ ქართველი ბიზნესმენები, როცა ტელეფონში ადამიანის ნაცვლად რობოტი ელაპარაკებათ და თან ისე ბუნებრივად, რომ ვერც კი ხვდებიან სხვაობას?
ფაქტობრივად, ჩვენთვის გაყიდვების ყველაზე ეფექტური არხი სწორედ ჩვენი AI აგენტის ზარებია დაინტერესებულ ბიზნესებთან. AI-სთან საუბარი ყველას აინტერესებს და ხშირად, ჩვენთან გადმომისამართების შემდეგ, შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებენ. ჩვენთვის ეს ორმაგად მომგებიანია. ერთი ზარით კომპანია პროდუქტის დემოსაც ცდის და საჭირო ინფორმაციასაც იღებს.
სანამ ZARI-ს შექმნის იდეამდე მიხვიდოდით, ალბათ ბევრი ღამე გაათენეთ სატელეფონო ქსელების და მარშრუტიზაციის ნულიდან შესწავლაში. რა იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იმ პერიოდში, ხომ არ გეჩვენებოდათ, რომ ქართულ ენაზე გამართული ხმოვანი ასისტენტის შექმნა უბრალოდ შეუძლებელი მისია იყო?
თავად ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტის შექმნა დიდი პრობლემა არ ყოფილა. მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ ქართული სატელეფონო სისტემები ამ სიახლისთვის მზად არ იყო. საკმაოდ რთული იყო ისეთი კომპანიის პოვნა, რომელსაც ტექნიკურად შეეძლო ჩვენი კლიენტების ნომრები ჩვენს AI აგენტებთან დაეკავშირებინა. რადგან პროდუქტი ახალი იყო, ბევრს არარეალისტური კომერციული მოლოდინები ჩამოუყალიბდა, ზოგს კი დახმარების მოტივაცია არ ჰქონდა. დღეს სიტუაცია შეცვლილია, ბევრ კომპანიაში უკვე კარგად იციან, რა არის საჭირო AI აგენტის ნომერთან დასაკავშირებლად.
მსოფლიოში უამრავი გლობალური ხმოვანი პლატფორმა არსებობს, თუმცა თქვენ მაინც საკუთარი სატელეფონო ინფრასტრუქტურის აწყობა გადაწყვიტეთ. რატომ აღმოჩნდა უცხოური მზა ხელსაწყოები გამოუსადეგარი ქართული რეალობისთვის?
ZARI არის შუალედური შრე ბიზნესსა და ტექნოლოგიას შორის. უცხოური პლატფორმების უმეტესობა დეველოპერებზეა გათვლილი, ამიტომ ბევრი ბიზნესისთვის ხმოვანი ასისტენტის შექმნა და გაშვება დღესაც ძალიან რთულია. ამისთვის დამატებითი კადრი, ან სულაც მთელი გუნდი სჭირდებათ, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში. ZARI პირველივე დღიდან სწორედ ამ პროცესის გამარტივებას ცდილობს. ახლა მას კიდევ უფრო ვამარტივებთ. ძალიან მალე ნებისმიერს შეეძლება ZARI-ში საკუთარი ხმოვანი აგენტის აწყობა, რომელიც სულ რამდენიმე კლიკით დაუკავშირდება მის პლატფორმებსა და შიდა სისტემებს. ხმოვანი ასისტენტის შესაქმნელად აღარ იქნება აუცილებელი, ხელოვნური ინტელექტის ყველა შრე გესმოდეს.
ქართულ ბაზარზე ბევრი კომპანია დღემდე ძველი მეთოდებით მუშაობს და ზარების უპასუხოდ დატოვებას ეგუება. როგორ ახერხებთ მათ დარწმუნებას, რომ ტელეფონზე ადამიანის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის დასმა მათი იმიჯისთვის საფრთხეს კი არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, კომპანიის რეპუტაციას გადაარჩენს?
ვფიქრობთ, გარდამტეხი მომენტი სწორედ ახლაა და ამ პროცესს გაგებით ვეკიდებით.
,,უპასუხოდ დატოვებული ზარი კომპანიის რეპუტაციას გაცილებით მეტად აზიანებს, ვიდრე AI ასისტენტი, რომელიც ნებისმიერ დროს პასუხობს" - ირინა ენდელაძე
ამასთან, AI ასისტენტი კომპანიისთვის არამხოლოდ უფრო ეკონომიური და ზუსტი გადაწყვეტაა, არამედ ტექნოლოგიური წინსვლის ნიშანი და გარკვეულწილად, სტატუსიც. გვჯერა, რომ მომავალში ცხელი ხაზის ზარების 90%-ს ხელოვნური ინტელექტი გაუმკლავდება. ეს გარდაუვალია და გვინდა, საქართველოს ამ გზაზე ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.
სახელის შეცვლა და MyZari-დან ZARI-ზე გადასვლა სავარაუდოდ მხოლოდ ვიზუალური რებრენდინგი არ არის. რას გეგმავთ საქართველოს საზღვრებს გარეთ და რამდენად მზად არის თქვენი ტექნოლოგია უცხოური ბაზრების დასაპყრობად?
საქართველოში დაწყებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - გვინდა ინოვაცია და ტექნოლოგიური წინსვლა ჩვენს ქვეყანაშიც ვხედავდეთ. მეორე - აქ ბევრად მარტივია პროდუქტის სწრაფად დატესტვა, უკუკავშირის მიღება და გაუმჯობესება. ამ მხრივ არსებულ კლიენტებთან მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაახლებთ პროდუქტს, რომელიც გვჯერა ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე. სახელის შეცვლაც ამ ნაბიჯის ნაწილია, ZARI უფრო მოკლე და საერთაშორისო ბაზრისთვის მარტივად აღსაქმელი სახელია.
ახლა პლატფორმის ახალ ვერსიაზე მუშაობთ, სადაც ბიზნესებს თავად შეეძლებათ აგენტების შექმნა. ხომ არ გეშინიათ, რომ ინდივიდუალური მიდგომის გარეშე პროდუქტი დაკარგავს იმ უნიკალურ ქართულ ჟღერადობას, რითაც დღეს ასე ამაყობთ?
პირიქით, ჩვენი განახლებული პლატფორმა ქართულ ჟღერადობას არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გააუმჯობესებს კიდეც. თითოეული აგენტი კვლავ ბიზნესის სფეროზე, პროდუქტებსა და კომუნიკაციის სტილზე იქნება მორგებული, უბრალოდ, ამას კომპანია თავად, რამდენიმე წუთში შეძლებს. ახალი პროდუქტის მიზანია, რომ კომპანიებს აღარ მოუწიოთ ფიქრი მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხსა და პროცესებზე. მარტივი ინტერფეისით ZARI გახდება მთავარი საკონტროლო ცენტრი ნებისმიერი ბიზნესის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის.

