პერსონა

მატილდა გვარლიანი CHANEL-ის გლობალურ სადღესასწაულო კამპანიაში, ქართული სახე ფრანგული ფუფუნების სათავეში

როგორ იქცა ქართველი ტოპ-მოდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის სახლის მუზად და რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას როგორც ბრენდისთვის, ისე ქვეყნის იმიჯისთვის

მატილდა გვარლიანი CHANEL-ის გლობალურ სადღესასწაულო კამპანიაში, ქართული სახე ფრანგული ფუფუნების სათავეში

„ოცნებიდან რეალობამდე...“ - სწორედ ამ ფრაზით გახსნა ფრანგულმა მოდის სახლმა CHANEL-მა თავისი 2026 წლის საიუველირო და საათების სადღესასწაულო კამპანია, რომლის მთავარ კადრშიც ქართველი ტოპ-მოდელი, მატილდა გვარლიანია.

როცა გლობალური ლუქს-ბრენდი წლის ყველაზე ემოციურ და კომერციულად მნიშვნელოვან სეზონს ქართველი მოდელის პორტრეტით წარადგენს, ეს უკვე სცდება უბრალო სარეკლამო კამპანიის ფარგლებს და იქცევა მძლავრ რეპუტაციულ განაცხადად

მოდის ინდუსტრიაში ნდობისა და სტატუსის უმაღლესი საზომი სწორედ ისეთი ბრენდების მუდმივი არჩევანია, როგორიც CHANEL-ია. მატილდა გვარლიანის გამოჩენა ბრენდის ოფიციალურ გვერდებზე კოლექციების - COCO CRUSH, J12, COLLECTION N°5, PREMIÈRE და CAMÉLIA - წარსადგენად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი პერსონალური ბრენდი სრულ თანხვედრაშია ფრანგული მოდის სახლის ღირებულებებთან - ელეგანტურობასთან, ბუნებრიობასა და მარადიულ მიმზიდველობასთან.

რატომ ირჩევს CHANEL მატილდას?

მატილდა გვარლიანისა და CHANEL-ის ურთიერთობა ერთჯერადი პროექტი არ არის. სილამაზის ხაზის - Chanel Beauty და სათვალეების კამპანიების შემდეგ, მისი ინტეგრირება მაღალი საიუველირო ხელოვნების სადღესასწაულო კამპანიაში ნიშნავს, რომ ბრენდი მას გრძელვადიან ამბასადორად და სანდო სახედ განიხილავს. რეპუტაციის მართვაში კი სწორედ სტაბილურობა ქმნის ყველაზე მაღალ ღირებულებას.

ემოციური კავშირი აუდიტორიასთან

კამპანიის მთავარი გზავნილი ოქროს, ძვირფასი ქვებისა და კერამიკის შერწყმით „წამის ჯადოსნურობის“ აღბეჭდვაა. მატილდას ბუნებრივი, ოდნავ მელანქოლიური და ამავდროულად თავდაჯერებული მზერა იდეალურად პასუხობს თანამედროვე ფუფუნების მთავარ ტრენდს - აუთენტურობას.

მომხმარებელს აღარ სჭირდება ხელოვნური პომპეზურობა, მას სურს დაინახოს ცოცხალი ემოცია

ყოველ ჯერზე, როცა CHANEL - ის მილიონიან აუდიტორიასთან ქართველი მოდელის სახელი ჩნდება, საქართველო მსოფლიო რუკაზე პოზიციონირდება როგორც თანამედროვე, ნიჭიერი და გლობალურ კულტურაში ინტეგრირებული ქვეყანა.

მატილდა გვარლიანის წარმატება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს სწორად ნაშენები პერსონალური ბრენდი. პროფესიონალიზმი, ინდივიდუალიზმი და სტაბილურობა საბოლოოდ „ოცნებას რეალობად აქცევს“ - ზუსტად ისე, როგორც ამას CHANEL - ის სადღესასწაულო სლოგანი გვეუბნება.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული