პერსონა

ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის 2026 წლის ადამიანია

როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ ვარსკვლავად

ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის 2026 წლის ადამიანია

ფრანგულმა პრესტიჟულმა გამოცემა GQ France-მა ხვიჩა კვარაცხელია „2026 წლის ადამიანების“ რჩეულთა შორის დაასახელა და მას ვრცელი პერსონალური სტატია მიუძღვნა.

სტატიაში სპორტული მიღწევების მიღმა ნაჩვენებია ქართველი ფეხბურთელის პერსონალური ტრანსფორმაცია.

სტატია იწყება 2026 წლის 20 ოქტომბრის დრამატული ეპიზოდით, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩში კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რამაც მინიმუმ ექვსთვიანი პაუზა განაპირობა. პსჟ-ს გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში პარიზული კლუბის ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული სწორედ ქართველის სახელს უკავშირდება.

თავად ხვიჩა რეაბილიტაციის პროცესს ჩვეული სიმტკიცით ხვდება და პარიზელ ექიმებს ხშირად უმეორებს: „ქართველები მაგრები ვართ!“

თბილისის ეზოებიდან ნეაპოლამდე

GQ France დეტალურად აღწერს ფეხბურთელის რთულ გზას - თბილისის კორპუსებს შორის მოქცეული ეზოებიდან, სადაც ბავშვობაში მამის, ბადრი კვარაცხელიას ჩანაწერების ყურებით იზრდებოდა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ იმედგაცრუებამდე და ყაზანის „რუბინში“ გაბრწყინებამდე.

გამოცემა ხაზს უსვამს იმ სკეპტიციზმს, რომელიც ქართველ მოთამაშეს ევროპაში დახვდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი იხსენებს, რომ 2022 წელს, როდესაც ხვიჩამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა, ევროპული კლუბების სკაუტები მის აყვანას ერიდებოდნენ - ზოგს ეჭვი ეპარებოდა შეეგუებოდა თუ არა ქართველი დასავლეთ ევროპას, ზოგი კი ხუმრობით მისთვის „ლათინური მეტსახელის“ მოფიქრებასაც კი ითხოვდა.

ბათუმის „დინამოში“ გატარებული ორი გადამწყვეტი თვის შემდეგ, კვარაცხელიამ ევროპული სტერეოტიპები „ნაპოლიში“ დაამსხვრია. 33-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბს სკუდეტო მოაგებინა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და „კვარადონას“ სტატუსიც დაიმსახურა.

პარიზული ტრიუმფი და ზამთრის ისტორიული ტრანსფერი

2025 წლის იანვარში, ლუის ენრიკეს ინიციატივით, პსჟ-მ კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ფრანგული მედია ამ ნაბიჯს „ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს ზამთრის ტრანსფერად“ აფასებს. ქართველმა გარემარბმა გუნდის თამაში მყისიერად გარდაქმნა

  • 2025 წლის ფინალში პსჟ-მ მილანის „ინტერი“ 5:0 გაანადგურა, სადაც მეოთხე გოლი სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა.

  • 2025-2026 წლების სეზონში პარიზელებმა ტიტული შეინარჩუნეს, ხვიჩა კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და მთელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მოდა, იმიჯი და ეროვნული პოზიცია

GQ France განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფეხბურთელის პერსონალურ ბრენდსა და სტილს. პარიზში გადასვლისთანავე ხვიჩამ სტილისტი აიყვანა და მჭიდრო კავშირი დაამყარა მოდის ინდუსტრიის ქართველ ლიდერებთან - დემნა და გურამ გვასალიებთან.

სტატიის ფინალში ავტორი პარალელს ავლებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ევროპული მომავლისთვის ბრძოლასთან. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება, გამოცემა იხსენებს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალის შემდეგ მომხდარ ფაქტს, როდესაც ჟურნალისტმა მას რუსულ ენაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, კვარაცხელიამ მკაფიოდ უპასუხა: „არა, არ შემიძლია, ბოდიში“ და საუბარი ქართულად განაგრძო.

როგორც ფრანგული გამოცემა აჯამებს, ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ ორჯერ აღმართვით, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისებურად „თბილისს ევროპა აჩუქა“.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული