დიაბეტი ტიპი ორის, პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნის სამკურნალო უნიკალური ოპერაცია თბილისში
MagDi - დუოდენოილეოსტომია არის რევოლუციური მეთოდი შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის მქონე პაციენტების მკურნალობაში

საქართველოში უნიკალური, მეტაბოლური ტიპის ოპერაცია მაგნიტების გამოყენებით აქტიურად დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც უკვე არის მეორე კლინიკა ქვეყანაში, ამიერკავკასიასა და ევროპაშიც კი, სადაც ეს ოპერაციები კეთდება. ოპერაცია ჩაატარა ზოგადი, ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსმა ხვიჩა ხაჯაველიძემ .
აღნიშნული მეთოდით ოპერაცია პირველად ადამიანზე ჩატარდა თბილისში, კანადელი პროფესორის, მსოფლიოში პირველი სლივგასტრექტომიის ავტორის მიშელ გარნიეს და პროფესორ დავით აბულაძის მიერ, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა მთელს მსოფლიოში უნიკალურობიდან და შედეგებიდან გამომდინარე
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი არის მეორე საქართველოში, ამიერკავკასიაში და ევროპაშიც კი, სადაც აქტიურად დაინერგა ეს მეთოდი
დიაბეტის და სიმსუქნის მკურნალობის ახალ მეთოდზე, ქირურგი ხვიჩა ხაჯაველიძე ექსლკუზიურად reputation.ge -ს ესაუბრება
ბ.ნ ხვიჩა, რომ აგვიხსნათ რა შეიცვალა ამ ოპერაციის დაწყებით და რატომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თქვენი კლინიკისთვის, არამედ ქართული მედიცინისთვის?
აღნიშნული ოპერაციების დაწყება ჩვენს კლინიკაში უდავოდ არის ისტორიული მოვლენა, ვინაიდან ეს ოპერაცია ტარდება უახლესი ტექნოლოგიით, ორი მცირე ზომის მაგნიტის გამოყენებით, არის მნიშვნელოვნად მცირე ინვაზიური და აქვს უნიკალური შედეგები შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორისა და 1-2 ხარისხის სიმსუქნის მქონე პაციენტებში.
წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც წლებია ტიპი 2 დიაბეტი აქვს. რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე არსებობს კიდევ ერთი თანამედროვე ქირურგიული შესაძლებლობა?
რა თქმა უნდა ეს ოპერაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შედეგებიდან გამომდინარე და ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში უკვე იწყება გლუკოზის ნორმალიზება სისხლში და პრაქტიკულად ხდება მისი სრული რემისია, რაც მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი პაციენტებისათვის.
რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ მეთოდმა მსოფლიო ქირურგიულ საზოგადოებაში ასეთი ინტერესი გამოიწვია?
აღნიშნული მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს მის მცირე ინვაზიურობაში, ოპერაცია ტარდება ორი მცირე ზომის სპეციალური მაგნიტით რაიმე ორგანოს გაკვეთის ან ამოკვეთის გარეშე და აღნიშნული მაგნიტები დაახლოვებით 3 კვირაში გამოდის ორგანიზმიდან დეფეკაციისას და ამით თავიდანაა აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლდენა, ნაკერის უკმარისობა და ა.შ.
რა ხდება ორგანიზმში MagDi ოპერაციის შემდეგ და როგორ უკავშირდება ეს ცვლილებები ტიპი 2 დიაბეტის კონტროლს?
ამ ოპერაციის შემდეგ მოუნელებელი საკვების გარკვეული პორცია (20%) სწრაფად ხვდება წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილში და იწვევს ნაწლავის ინკრეტინების სეკრეციის სტიმულირებას, როგორიცაა GLP-1 (გლუკაგონ მსგავსი პეპტიდი-1) და PYY (პეპტიდი YY). GLP-1 აძლიერებს გლუკოზ დამოკიდებული ინსულინის სეკრეციას პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან და ამის შედეგად მიიღწევა სწორედ გლუკოზის კონტროლი.
რა კრიტერიუმებით არჩევთ პაციენტებს, რომლებსაც MagDi შეიძლება მოერგოთ? ყველასთვის არის ეს მეთოდი შესაძლებელი?
აღნიშნული მეთოდით ოპერაცია უკეთდება ძირითადად ისეთ პაციენტებს, რომლებიც ავად არიან შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორით და 1-2 ხარისხის სიმსუქნით, ვინაიდან გარდა გლუკოზის ნორმალიზებისა, ამ ოპერაციების შემდეგ აგრეთვე ხდება წონის კლება. ამ ეტაპზე მაღალი სხეულის მასის მქონე პაციენტებში აღნიშნული ოპერაცია არ ტარდება, თუმცა ხანგრძლივი შედეგების ანალიზის შემდგომ არაა გამორიცხული, რომ ჩვენებები გაფართოვდეს.
თქვენ განსაკუთრებულად აღნიშნავთ პროფესორ დავით აბულაძის როლს. რა გამოცდილება და ცოდნა შემოვიდა ამ თანამშრომლობით თქვენს კლინიკაში?
დიახ, როგორც აღვნიშნე, რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოში უშუალოდ ადამიანზე პირველი ოპერაცია მაგნიტების გამოყენებით ჩატარდა თბილისში კანადელი მეცნიერის და ქირურგის, პროფესორ მიშელ გარნიეს და პროფესორ დავით აბულაძის მიერ და მას შემდეგ მის მიერ უკვე ჩატარდა 100-ზე მეტი ასეთი ოპერაცია და მისი წვლილი ამ მეთოდის პოპულარიზაციასა და ფართო გავრცელებაში მთელს მსოფლიოში არის ძალიან დიდი. სწორედ ბ-ნი დავითის აქტიური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ ოპერაციების დაწყება ჩვენს კლინიკაში.
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც ტიპი 2 დიაბეტი აქვს და ახლა ამ მეთოდის შესახებ პირველად გაიგო? რა არის სწორი პირველი ნაბიჯი?
პირველი ნაბიჯი რაც ამ დროს პაციენტმა უნდა გადადგას არის ის, რომ უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე, რაც არის უფასო და ყველა დეტალზე მოხდება მათი ინფორმირება-თუ როგორ კეთდება ეს ოპერაცია, კონკრეტულად ამ პაციენტზე შესაძლებელია თუ არა, მოსალოდნელი შედეგები და ა.შ.