ისტორია

5 ცენტიანი რევოლუცია, რომელმაც ნიუ-იორკის უძრავი ქონება შეცვალა

როგორ აქცია საჯარო ბიუჯეტისა და კერძო კაპიტალის ერთობლივმა ექსპერიმენტმა ქალაქი მსოფლიოს მთავარ მეგაპოლისად

5 ცენტიანი რევოლუცია, რომელმაც ნიუ-იორკის უძრავი ქონება შეცვალა

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება ვიწრო ქუჩებში ცხენების ეტლები ან ორთქლზე მომუშავე ხმაურიანი მატარებლებია. XIX  საუკუნის ბოლოს ნიუ-იორკი ზუსტად ასე გამოიყურებოდა.

მოსახლეობა კატასტროფულად იზრდებოდა, თუმცა ყველა მანჰეტენზე იყო შეკუმშული, რადგან სამსახურთან ახლოს უნდა ეცხოვრათ. მიწის ფასი ცაში მიფრინავდა, საცხოვრებელი პირობები კი დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა. გამოსავალი მიწისქვეშა ტრანსპორტი იყო, თუმცა იდეას მაშინ ბევრი არარეალურად  მიიჩნევდა.

ყველაფერი 1904 წლის 27 ოქტომბერს შეიცვალა. ზუსტად ამ დღეს, ნიუ-იორკის მაშინდელმა მერმა პირველი ოფიციალური მიწისქვეშა მატარებელი დაძრა. საღამოს კი კარები ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიღო. მგზავრობა სულ რაღაც 5 ცენტი ღირდა. პირველივე ღამეს ახალი ტრანსპორტით 110 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი სატრანსპორტო ხაზის გახსნა, ეს იყო უძრავი ქონების ბაზრისა და ურბანული ლოგისტიკის ხელახალი დაბადება.

ბიზნესის კუთხით, პროექტის წარმატება ინოვაციურმა ფინანსურმა მოდელმა განაპირობა. რისკები იმდენად დიდი იყო, რომ კერძო ბანკები მშენებლობას არ აფინანსებდნენ. მაშინ ქალაქის მერიამ კერძო სექტორს უნიკალური გარიგება შესთავაზა, სადაც ინფრასტრუქტურის ფული საჯარო ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო მართვა და ოპერირება გამოცდილ ბიზნესმენებს გადაეცათ. მთავარი ინვესტორი ბანკირი ავგუსტ ბელმონტი გახდა, რომელმაც კაპიტალთან ერთად პროექტში საკუთარი რეპუტაციაც ჩადო.

მეტრომ ნიუ-იორკს გეოგრაფიული საზღვრები მოუშალა. თუ ადრე გარეუბნებში მიწა არაფერი ღირდა, ლიანდაგების გაყვანის შემდეგ ბრონქსში, ბრუკლინსა და ქუინსში ფასებმა მრავალჯერ აიწია. საშუალო კლასს მიეცა შანსი, მანჰეტენის ძვირი და ვიწრო ოთახების ნაცვლად, შედარებით იაფ და ფართო ბინებში გადასულიყო, სამსახურში კი სულ რაღაც 20 წუთში მისულიყო.

ამ 5 ცენტიანმა გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ თაიმს სკვერსაც. სწორედ მიწისქვეშა სადგურებმა მიიყვანეს ხალხის უზარმაზარი ნაკადები იმ უბნებში, სადაც მოგვიანებით თეატრალური და გასართობი ინდუსტრიის გიგანტები განთავსდნენ.

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ისტორია დღესაც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორად დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტს მთელი ქვეყნის ეკონომიკური ლანდშაფტის შეცვლა და ახალი ბიზნეს ცენტრების შექმნა.

დაკავშირებული